ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

გაძვირდება თუ არა პური ჩვენი არსობისა?

ჩვენი მოსახლეობის სასურსათო კალათაში პური ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. მეტიც, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ და გამგეობის მუნიციპალურ სასადილოებში დღეში 1.3 ლარად იკვებებიან, ხშირ შემთხვევაში პური კვების ერთადერთ რაციონს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ასეთი 500 ათასი ჩვენი მოქალაქეა, ხოლო ერთი ამდენი კიდევ რიგში დგას ამ დახმარების მისაღებად, ადვილი აღსაქმელი იქნება თუ რა ნეგატივის მოტანა შეუძლია პურპროდუქტების გაძვირებას საზოგადოებისათვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონი გიორგი ხანიშვილის განცხადებით ხორბლის ფასი მსოფლიოში გაიზარდა და ბოლო 5 წელიწადში თავის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. იმის, გამო რომ ჩვენს მიერ მოხმარებული ფქვილის დიდი ნაწილი (407,719.37 ტონა) იმპორტირებულია და საქართველო ხორბლის ფასებზე გავლენას ვერ ახდენს, პურპროდუქტების ბაზარი დღეს ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

იმისათვის, რომ საქართველოში პურის ფასი არ გაიზარდოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყოველთვიურად მოხმარებული 30 000 ტონა ფქვილიდან 10 000 ტონას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თვეში 26-30 მლნ. ერთეული პური გაძვირებისაგან დაცული იქნება. სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პურის დიდი მწარმოებლები. დანარჩენ მცირე საწარმოებს, მაგალითად უბნის პატარა თონეებს და საცხობებს უკვე მოუწიათ პურის გაძვირება, რაც არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ისედაც მძიმე პირობებში მყოფ მცირე და საშუალო ბიზნესს.

დეტალურად განვიხილოთ სუბსიდირების მსგავსი პოლიტიკა რა გავლენას იქონიებს პურის ბაზარზე. მოკლევადიან პერიოდში დიდ ქალაქებში პატარა თონეები და საცხობები პურის ქარხნებს ვერ გაუწევენ ფასისმიერ კონკურენციას და მათი დიდი ნაწილი დაიხურება. ამ სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. უმუშევრობის ზრდა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ აქ ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, რადგან ამ თემას ცალკე გაშლა ესაჭიროება. სამაგიეროდ გაიზრდება მოთხოვნა ეგრეთწოდებულ „ქარხნულ პურზე“. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენი აზრით სუბსიდირების პროგრამის ავტორებისგან სრულად არ არის ყველა რისკები გათვლილი. კერძოდ, ბიუჯეტი მხოლოდ 10 000 ტონა ფქვილს ასუბსიდირებს. მას შემდეგ რაც დიდი ქარხნები, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, საკუთარი და სუბსიდირებული ფქვილის მარაგს ამოწურავენ, ბუნებრივია, მოუწევთ მაღალ ფასში მისი შეძენა. მაგრამ იმის გამო, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მათ კანონი აუკრძალავს პურზე ფასის ზრდას. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში გადაიხდიან საკმაოდ დიდ ჯარიმებს. თუ პროდუქციაზე ფასს ვერ გაზრდიან გრძელვადიან პერიოდში ქარხნები მიმართავენ მათთვის უკვე კარგად ცნობილ ხერხს და ზარალს პურის წონის შემცირებით დააბალანსებენ. ამ შემთხვევაში მართალია ეს პროდუქციის ფასის ნომინალურ ზრდას არ გამოიწვევს, მაგრამ რეალურად მომხმარებლისთვის პური გაძვირდება. ამის რისკი არსებობს. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ უახლოეს წარსულში დიდი გამოცდილება გაგვაჩნია. ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დიდი გამოცდილება არ გაგვაჩნია დიდწილად ისევ პურის მწარმოებლების სინდისზე ვიქნებით დამოკიდებული.

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ მოკლევადიან პერიოდში მცირე თონეების პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდება და ბევრი გაკოტრდება. მაგრამ მას შემდეგ რაც დიდი საწარმოები იძულებულნი გახდებიან პური „გააძვირონ“ მათი ბაზარზე უკან დაბრუნება მაგ დროისთვის მოხერხდება. თუმცა თავდაპირველად სრული მოცულობით მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება და დიდი დრო დასჭირდება.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც ქარხნის პური ვერ აღწევს და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს, პურის ფასი ბუნებრივად მოიმატებს. რადგან სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ პურს ეხება, ფასები გაიზრდება ასევე სხვა საკვებ პროდუქტზეც, რომელიც ფქვილით მზადდება. თავის მხრივ პურისა და პურპროდუქტების გაძვირება სექტორული ინფლაციის პრინციპით სამომხმარებლო ბაზარზე სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდაზეც იქონიებს გავლენას. მომავალი წლისთვის უნდა ვივარაუდო, რომ ინფლაციის საშუალო დონე სულ მცირე 5-6% იქნება.

შეჯამების სახით შეგვიძლია გითხრათ პურის სუბსიდირება გამოსავალი არ არის და იგი ვერ დაიცავს მოსახლეობას მისი გაძვირებისგან. შემდეგ ჩვენს შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ ხედვას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის პურით უზრუნველყოფის პროცესს გარეშე ფაქტორები საფრთხეს არ უქმნიდეს და უცხოური ვალუტის კურსის ცვლილება მისი ფასის ზრდაზე არ მოქმედებს. დღეს ჩვენი სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მხოლოდ მონაწილის როლში გვევლინება მაშინ, როცა საჭიროა ამ მიმართულებით წინასწარ რისკების გათვლა და მათი მართვა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული