პარასკევი, აპრილი 26, 2024

28 ნოემბრიდან ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები და მათზე პასუხები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებული შეზღუდვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აქტუალური გახდა შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებზე კვალიფიციური განმარტება/პასუხების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ერთად შეგროვდა აქტუალური შეკითხვები და მათზე გასცა ოფიციალური პასუხები:
დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები
▶ გადაადგილება
🔴 1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?
დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.
🔴 2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?
დიახ, შესაძლებელია.
🔴 3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.
🔴 4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.
🔴 5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?
ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.
🔴 6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?
ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.
🔴 7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?
დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.
🔴 8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?
დიახ, იზღუდება.
🔴 9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.
🔴 10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?
დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.
🔴 11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?
აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
▶ ეკონომიკური საქმიანობა
🔴12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:
🔹 პროდუქტის გატანა – ე.წ. takeaway
🔹 მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“
🔹 ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“
🔴13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?
ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.
ეს შეზღუდვა არ ეხება:
🔹 სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;
🔹 ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
🔹 სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
🔹 პრესის ჯიხურებს.
🔴 14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?
არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.
🔴 15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
🔴 16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?
ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔴 17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?
სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.
🔴 18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?
ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔴 19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?
საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.
🔴 20. აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?
ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.
🔴 21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?
დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.
▶ სასწავლო პროცესი
🔴 22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.
🔴 23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
🔴 24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?
კულტურული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით, ანუ მაყურებლის დასწრების გარეშე.
🔹 დასაშვებია შესაბამისი საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიების გამართვა მაყურებლის დასწრების გარეშე.
გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
🔴 25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?
დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.
🔴 26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
▶ სამთო სათხილამურო კურორტები
🔴 27. იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?
ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
🔴 28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?
აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.
იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.
▶ სხვა კითხვები
🔴 29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?
დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.
🔴 30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?
შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
🔴 31. 28 ნოემბრიდან აგრძელებენ თუ არა სტომატოლოგიური კლინიკები ფუნქციონირებას?
დიახ, მათი საქმიანობა დასაშვებია.
🔴 32. შერეული მაღაზიები (რომლებიც ყიდიან როგორც ჰიგიენურ საშუალებებს, ისე სხვა პროდუქტს), როგორიცაა, მაგალითად: „სუფთა სახლი“, განაგრძობენ თუ არა მუშაობას?
„სუფთა სახლი“ და მსგავსი პროფილის მაღაზიები, რომლებიც ძირითადად ახდენენ ჰიგიენური პროდუქციის რეალიზაციას, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.
🔴 33. ყვავილების რეალიზაცია არის თუ არა შესაძლებელი?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ყვავილების გაყიდვა დაშვებულია მხოლოდ დისტანციურად.
საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ყვავილებით ვაჭრობა დაშვებულია შეზღუდვების გარეშე.
🔴 34. სპა/მასაჟის ცენტრები და გოგირდის აბანოები აგრძელებენ თუ არა მუშაობას?
ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია სპა პროცედურების, საუნებისა და აბანოების ფუნქციონირება, ასევე საცურაო აუზების საქმიანობა.
🔴 35. ე.წ. „მარშუტკებს“ და ავტობუსებს, რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ, შეუძლიათ თუ არა გადაადგილება?
ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია როგორც საერთაშორისო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (ე.წ. „მარშრუტკებით“ და ავტობუსებით) მგზავრთა რეგულარული გადაყვანა.
ტაქსითა და კერძო ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული არ არის, გარდა 21:00 საათიდან-05:00 საათამდე.
🔴 36. დასაშვებია თუ არა ტრანსპორტის გადაადგილება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციის მიზნით, მათ შორის, ე.წ. „მარშრუტკით“?
დიახ, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დილის 05:00-დან 21:00 სთ-მდე გადაადგილება დასაშვებია, ხოლო 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
🔴 37. დასაშვებია თუ არა საეკლესიო ნივთებისა და ხატების რეალიზაცია?
დიახ, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ.
🔴 38. დასაშვებია თუ არა სიგარეტის ჯიხურების საქმიანობა?
სიგარეტის ჯიხურების საქმიანობა არ არის დასაშვები.
🔴 39. სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებსა და მრევლს ექნება თუ არა გადაადგილების უფლება შობის ღამეს?
სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ყველა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენელმა თავისუფლად შეძლოს რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობა.
შესაბამისი კონფეციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენენ მრევლის და მღვდელთმსახურთა სიებს, რომელთა საფუძველზეც ოპერაციული შტაბის მიერ გაიცემა გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა.
🔴 40. დასაშვებია თუ არა საადვოკატო ოფისების საქმიანობა?
დიახ, დასაშვებია, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა – ბიზნესსაქმიანობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს დისტანციურ რეჟიმში.
🔴 41. დაწესებული შეზღუდვების გარდა სხვა დაწესებულებების/კომპანიების საქმიანობა არის თუ არა შეზღუდული?
28 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, იკრძალება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება, საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ფუნქციონირება, სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, სპა ცენტრების, საუნების/აბანოების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობები.
ყველა სხვა ეკონომიკური საქმიანობა (მათ შორის, საოფისე საქმიანობა) მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებადართულია.
🔴 42. დასაშვებია თუ არა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარება?
დიახ, დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
🔴 43. დაშვებულია თუ არა ქარხნებისა და საწარმოების საქმიანობა?
დიახ, დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
🔴 44. ჩერდება თუ არა სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა?
დიახ, ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდისა.
🔴 45. აკრძალულია თუ არა ე.წ. გარე ვაჭრობა? მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა ნივთების/პროდუქტების გაყიდვა?
დიახ, აკრძალულია.
🔴 46. აკრძალულია თუ არა საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების გაყიდვა?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, არასასურსათო პროდუქციის რეალიზაცია დაშვებულია მხოლოდ დისტანციურად.
🔴47. ტაქსით შესაძლებელია თუ არა ოჯახის წევრების გადაყვანა ქალაქიდან ქალაქში?
ტაქსებითა და პირადი ავტომობილებით ოჯახის წევრების ქალაქიდან ქალაქში ან ქალაქიდან რაიონში გადაყვანა დაშვებულია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის გადაადგილება იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
🔴 48. ფუნქციონირებს თუ არა ავტოსკოლა?
თეორიული მეცადინეობები დასაშვებია დისტანციურად, პრაქტიკული კომპონენტი ნებადართულია ფიზიკურად.
🔴 49. ნებადართულია თუ არა სასტუმროებში არსებული რესტორნის, სპა/მასაჟის ცენტრების, ფიტნესისა და აუზის ფუნქციონირება?
დასაშვებია მხოლოდ სასტუმროში მცხოვრები სტუმრებისთვის.
სამთო-სათხილამურო კორორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში, სასტუმროები ფუნქციონირებს მხოლოდ საკარანტინე სივრცეების სახით.
🔴 50. აკრძალულია თუ არა პროფილაქტიკის, სამრეცხაოსა და ვულკანიზაციის მუშაობა?
პროფილაქტიკის, სამრეცხაოსა და ვულკანიზაციის მუშაობა დაშვებულია.
🔴 51. დაშვებულია თუ არა ავტონაწილებისა და ზეთების საცალო რეალიზება?
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, ასევე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, აღნიშნული პროდუქციის საცალო რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად/ონლაინ. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია სერვისცენტრებში ავტო-ტექმომსახურების მიღებისას.
ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ავტონაწილებისა და ზეთების საცალო რეალიზება სრულად დაშვებულია.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული