ორშაბათი, ივლისი 28, 2025
35.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1619

დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება

დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განახლებული 300 მიკროავტობუსი უკვე ჩართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ, მოდერნიზებულ ქსელში, თუმცა მუნიციპალიტეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

მიმდინარე წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტეგრირებული სისტემის მართვა, ვინაიდან, როგორც იცით, თბილისის მერიამ უკვე მოახერხა 300 ერთეული მიკროავტობუსის განახლება. ჩვენ რომ დავუკვეთეთ ფრანგულ კომპანიას მოდერნიზებული, ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, ეს 300 ერთეული მიკროავტობუსი ჩვენს მომხმარებლებს, ზუსტად ახალი ქსელის მეშვეობით ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებელი ინტეგრირებული სისტების შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გეგმები აქ არ სრულდება, მომდევნო წელს მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ამ 300 ერთეულზე არ გავჩერდეთ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც ქსელი აწყობილია ინტეგრირების პრინციპით, გადასახადიც ინტეგრირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღეს მგზავრი მიკროავტობუსსა და ავტობუსში მგზავრობის შემთხვევაში, ორ გადახდას აწარმოებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ, ერთი გადახდა იქნება საჭირო, თუ გადაჯდომა საათნახევრის განმავლობაში მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის საკრებულო მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

სახელმწიფო მიწების დატაცების მიმართულებით, საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს მომზადებული – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო ქონების დატაცება დანაშაულია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს.

სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკვრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა – ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯდებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საბინაო ფონდის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით ის ადამიანები და ოჯახები დაკმაყოფილდებიან, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.

ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც რეალურად დაიწყო ზრუნვა სოციალურად დაუცველ, გაუბედურებულ ოჯახებზე. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა. ძალიან კარგი იქნებოდა, წინა წლებში ამისთვის ყურადღება მიექციათ. მაშინ რომ ეს ნაბიჯები გადადგმულიყო, დღეს ქალაქში მსგავსი პრობლემა აღარ გვექნებოდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. როდესაც კოეფიციენტების მატება იყო შესაძლებელი, ყველა ასეთ პროექტზე კომპანიები დავავალდებულეთ, რომ იმ კოეფიციენტის მატების შემთხვევაში, რა მოთხოვნაც იყო და ურბანულად პრობლემას არ წარმოადგენდა, აშენებული ფართებიდან 10% დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცემათ. მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გვექნება, რომელსაც იმ ადამიანებსა და ოჯახებზე გადავანაწილებთ, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ამ ყველაფერს ექნება თავისი წესები და ვინმეს არ ეგონოს, რომ ფართების გასხვისება თვალდახუჭულად მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საკრებულო დღეს, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

“ჩმო მიშასგან მართულს სურს “გვამხილოს”, რომ “ოცნებიდან” ვიმართებით…” – შალვა რამიშვილი ნოდარ მელაძეზე

“Pos TV”-ის დამფუძნებელი და არხის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ მძაფრი ტონის შემცველ პოსტს აქვეყნებს “TV პირველის” ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის მისამართით, სადაც მას ცრუდ და მიშასგან მართულად მოიხსენიებს:

ნავიჩოკის გარეშე სისხლმოწამლულ ნოდარა მელაძეს, ამ ქვეშა*ვია ფილდკომანდერს, რაღაც ხმის და ნომრის შეცვლის პროგრამა დაუთრევია და ლაშა ნაცვლიშვილის სახელით რეკავს ჩემთან, პოსტვში.

ჩმო მიშასგან მართულს – სურს „გვამხილოს“, რომ ოცნებიდან ვიმართებით.

ბიჭო, ბლექნოდარა, ეგეთები გაუკეთე პატარა ჭუტას!

იქნებ ამ ცრუს ცალკე ტელევიზია გამოვუყოთ, სადაც მსგავს იაფასიან ხრიკებს ჩაატარებს!

მაგრამ კი აქვს უკვე ასეთი ტელევიზია: ყველასგან ცალკე… ყველასგან გარიყული „КОЗЛЯТНИК”, – წერს შალვა რამიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“მოქალაქეების უმრავლესობა 7 იანვარს ზეიმობს შობას და უფრო ნაკლები რაოდენობის რაკი ხართ მოდი, თქვენ საშვებზე იზრუნეთ – ძალიან უხერხული იყო” – რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელისტურ- ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველმა ხელისუფლებამ შობის ღამისთვის არსებული აკრძალვები არ გაითვალისწინა კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიის მრევლის მიმართ. მცირე რაოდენობის გამო მოუწოდებენ, რომ გადაადგილების თავისუფლებისთვის იზრუნონ საშვებზე:

ისეთივე ღია რომც ყოფილიყო, როგორც აპირებენ 7 იანვარის ღამეს, ჩვენი მსახურება მაინც დახურული იქნებოდა. იმ უხერხულობას არანაირად არ ამცირებს, როგორც ჟღერს ჩვენი ხელისუფლების განცხადება ამ განსხვავებულ მიდგომებთან დაკავშირებით, რომ ღია იქნება შობა ღამეს.

იმიტომ, რომ მოქალაქეების უმრავლესობა 7 იანვარს ზეიმობს შობას და უფრო ნაკლები რაოდენობის რაკი ხართ მოდი, თქვენ საშვებზე იზრუნეთ. ეს მიდგომა იყო ძალიან უხერხული და კიდევ ერთხელ იმედის გამაცრუებელი“, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

უკვე სიზმრებში გრძელდება ჩემი და თემირლანის გულახდილი საუბრები, კითხვა-პასუხები ამ 3 წლის განმავლობაში – მალხაზ მაჩალიკაშვილი

შვილმოკლული მამის უდიდესი ტკივილით აღსავსე პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც იგი იხსენებს ყველა იმ ფაქტს, რამაც მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, შეიცვალა ბევრი რამ ქვეყანაშიც, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი დღემდე ეძებს სამართალს:

25 ნოემბერი – დაბადების დღე; 25 დეკემბერი – მძინარე თემირლანზე თავდასხმა, მისამართარეული სპეცრაზმთა ბრბოსი; დღე 10 იანვარი – მისი აპარატიდან გამორთვა; 14 დღის ტყუილების მერე ეს ყველაფერი იმდენად ახლოსაა ერთმანეთან, ეს მოკლე პერიოდი გონებას მიბინდავს და სულს მიხუთავს…

ზუსტად სამი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, 11 საათზე თემირლანმა დამისვა კითხვა ასეთი, ეხლა მახსენდება – “ადამიანის თვალები ფერებს თუ იცვლისო?” მაშინ თემირლანის კითხვამ, ცოტა არ იყოს, დამაბნია და ვკითხე – რატომ მეკითხები მეთქი. მისი პასუხი, ბოლო მის სიცოცხლეში, არვიცი რატომღაც მე თვალებში ფერები მეცვლება… ამითი დამთავრდა ჩემი და თემირლანის საუბარი ცხადში შემდეგ კი უკვე სიზმრებში გრძელდება ჩვენი გულახდილი საუბრები კითხვა-პასუხები, ამ 3 წლის განმავლობაში.

მხეცი მინახია წვიმიან, ტალახიან ამინდებში დაჭრილი, სასტიკად განადგურებული, კუთხეში მიმწყვდეული გაფართოებული თვალებით და ბევრის მთქმელი მზერით. მან არ იცის რატომ ექცევა კაცობრიობა ასე სასტიკად. ის მხეცია, მას მეტი აზროვნების უნარი არ აქვს და ღმერთმაც მეტი არ უბოძა. განსხვავებით, ჩვენ ადამიანები, ამ ყველაფრით უნარის, აღთქმის, გააზროვნების, მიტევების, მეტყველების და შურისძიების ყველა მაღალი თვისებებით დაგვაჯილდოვა ღირსების და სიკეთესთან მიმავალ გზაზე.

მაგრამ ვერ ვხვდები, – მე რატომ ვარ ეს სამი წელი ასე სასტიკად მოკლული ვაჟის მამა ასეთი კუთხეში მიმწყვდეული?! მე ხომ მხეცისგან განსხვავებით ადამიანი ვარ? როგორ არ გამოჩნდა, ამ ხნის განმავლობაში, ამ ყველაფრის ღმერთისგან ნაბოძები ადამიანი, რომ მომიშუშოს ის ჭრილობები და დამაყენოს იმ გზაზე რომ ყველაფერს წერტილი დავუსვა?

აქვე მინდა ცოტათი განვლილ ჯოჯოხეთურ გზაზე გაგესაუბროთ. საზოგადოებაში გამოჩნდნენ გარკვეული პირები, რომლებიც ვახას შეცდომებზე ალაპარაკდნენ. მე, ამ გაუსაძლის ბრძოლაში, ტკივილთან ერთად, ყველაზე ბინძური სისტემის მანქანას დავეჯახე და შევებრძოლე. ეს თითეული უსამართლოდ დაჩაგრულისთვის გავაკეთე. კი იყო პატარა შეცდომები, მაგრამ უამრავ ჩემთვის დაგებულ ბინძურ ხაფანგს გადავაბიჯე. დარწმუნებული ვარ ჩემს ადგილას ნებისმიერი ასჯერ მეტს შეცდომას დაუშვებდა და ისე დავარდებოდა ძირს, რომ მისი წამოდგომა შეუძლებელი იქნებოდა.

აქვე, ჩემი დღევანდელი მტკივნეული დღის მიუხედავად, მინდა თქვენთვის მნიშნელოვანი დღე შობა მოგილოცოთ მეგობრებო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი.

“ზოგიერთ ქართველს ვინმე თუ აუხსნის, რომ რაც მდიდარია ადამიანი, მით ნაკლებად დადის მაღაზიებში და პირიქით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

მოლებსა თუ სავაჭრო ცენტრებში ხალხის სიმრავლის თაობაზე თავის მოსაზრებას აფიქსირებს ინტერნეტგამოცემა “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:

ზოგიერთ ქართველს ვინმე თუ აუხსნის, რომ რაც მდიდარია ადამიანი, მით ნაკლებად დადის მაღაზიებში და პირიქით, იქნება გადასარევი.

ეგებ ნაკლებად სასაცილოებად გამოჩნდნენ, ამ ინფორმაციას თუ გაიაზრებენ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია, ისეთიც კი, როგორიც ის არის – ირაკლი კობახიძე

ქვეყანას ჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი სამ პროცენტიანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილის და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი.

პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ-ტესტი. ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე, ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ, დაგვაკლდა. ძალიან დავაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც დაგვაკლდნენ. ეს ნახევრად სერიოზულად.

სერიოზულად კი უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია. ისეთიც კი, როგორიც ის არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ ჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას.

ქვეყანას ჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის რიგგარეშე სესიის 24 დეკემბრის პლენარული სხდომა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას დაეთმო.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დაუთმო. 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ძირითად მიმართულებებზე საუბრის დაწყებამდე, გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების პარლამენტში არშემოსვლის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცება არაკომფორტულია.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს და საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მომავალი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო.

სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ნდობის გამოცხადების საკითხი, დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა.

პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისარგებლა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს და 85 ხმით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.

ხელისუფლება ზის ჩუმად და ჭამს დახმარებისთვის გამოყოფილ ფულს ჩვენ კი ვღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე, ახია ჩვენზე, უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინ, არ დაგვზოგოთ! – ნინო ჯანგირაშვილი

საზოგადოების მხრიდან განსაზღვრული არასწორი პრიორიტეტების თაობაზე საუბრობს ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ნინო ჯანგირაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ წუხს ხალხი მხოლოდ შეზღუდვებზე მოლებთან მიმართებაში იმ დროს, როცა ხელისუფლება პანდემიის დროს გაბედნიერდა და გამდიდრდა, ჯანდაცვა ფეხებზე დაიკიდა, არაფერი გააკეთა და ამის თუ კიდევ სხვა პრობლემების გამო არავინ სთხოვს პასუხს.

არც ის მაინტერესებს ვინ მივიდა მოლში 7 საათზე და არც ის, ვინც იმის დათვლით ერთობა ვინ მივიდა მოლში. ჩვენ ვართ ძალიან უტვინო ხალხი.

სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აი თითქმის ყოველდღე მომდის მეილზე ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი მილიონი გამოგვიყო ევროპამ ეკონომიკის აღსადგენად, ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზებისთვის, კოვიდ19–თან ბრძოლისთვის, (აი, სულ ბოლოს 100 მილიონი ევრო, მანამდე კიდევ უამრავი). ხელისუფლება ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე, ზის ჩუმად და ჭამს ამ ფულს. ჩვენ ვსხედვართ ჩუმად და ვეხვეწებით, სავაჭრო მოლები საღამოს შვიდზე კი არა, რვაზე დახურეო.

ბიზნესი აკრძალეს, ადამიანებს ცხოვრება აუკრძალეს, 300 ლარიანი დახმარება გადაუგდეს ორ კაცს, არანაირი კომპენსაცია, არავითარი შეღავათი. ბიზნესი წუწუნებს საწყლად და მორჩა. კი არ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, ვწუწუნებთ და მოვთქვამთ. გახარიამ გუშინ ისიც კი გაბედა პარლამენტში ეთქვა, რაც არის საგადასახადო შეღავათები უნდა გადავხედოთ და გავაუქმოთო. რატომ არ გაბედავდა?

ძალაუფლებაში დავტოვეთ ხელისუფლება, რომელიც პანდემიის დროს გაბედნიერდა და გამდიდრდა, ჯანდაცვა ფეხებზე დაიკიდა, არაფერი არ გააკეთა, მათი ნაძირლობის გამო ახლა გაურკვეველი ვადით ვართ გამოკეტილები. ვაქცინაზე ჯერ არც იფიქროთო. არადა მაქსიმუმ ორ კვირაში შეუძლიათ ვაქცინის შემოტანა რომ მოინდომონ, მაგრამ არ აინტერესებთ. ვინ თხოვს? რატომ შეიწუხებენ თავს? ჩვენ ვსხედვართ და ვღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე. ახია ჩვენზე. უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინ. არ დაგვზოგოთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, მოძებნოს კომპრომისის სახით გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს – ევროპის სახალხო პარტია

“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც პარტიათა საარჩევნო რეგისტრაციასა და დაფინანსებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციის შეჩერებას უკავშირდება. “ესპ” ასევე აკეთებს მოწოდებას, რომ საქართველო დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს და მოხდეს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის:

ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის  ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ  განაგრძოს სვლა ევროკავშირის მიერ აღიარებული ღირებულებებისკენ იმის ნაცვლად, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, მოძებნოს კომპრომისის სახით გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, – წერია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებასა და კომენტარში.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე