შაბათი, აპრილი 20, 2024

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის რიგგარეშე სესიის 24 დეკემბრის პლენარული სხდომა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას დაეთმო.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დაუთმო. 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ძირითად მიმართულებებზე საუბრის დაწყებამდე, გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების პარლამენტში არშემოსვლის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცება არაკომფორტულია.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებს და საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მომავალი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გააცნო.

სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ნდობის გამოცხადების საკითხი, დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა.

პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისარგებლა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს და 85 ხმით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული