შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1612

“უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა” – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ქვეყანაში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საგარეო ბრუნვის შესახებ (ექსპრეს მონაცემები), რომლის მიხედვითაც იგი საგრძნობლად შემცირებულია და წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია:

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50%-ს დავუსუბსიდირებთ – ნათია თურნავა

მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50% დავუსუბსიდიროთ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან დარგებს წნეხს შეუმსუბუქებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ.

მისი თქმით, სუბსიდირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წნეხს შეუმსუბუქებს ისეთ დარგებს როგორიცაა: რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და კონსერვირება, ხილის გადამუშავება და ბევრ სხვა დარგს, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად ადგილობრივ საქმიანობას კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით განისაზღვრა მეწარმე სუბიექტები, რომლებზეც ვრცელდება სუბსიდირება:

გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების მწარმოებელ მეწარმეებს სახელმწიფო 2021 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს დაუსუბსიდირებს. ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში.

სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში: მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები;

სუბსიდირებით ისარგებლებენ ასევე ის მეწარმეები რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებით: ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

მეწარმეებმა, რომლებიც ისარგებლებენ ნაწილობრივი სუბსიდირებით განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity. განაცხადის შევსება შესაძლებელია 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით.

🔵მეწარმეებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე.

✔️ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ: მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება

ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

კორუფციის ფაქტი გამოავლინა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა და დააკავეს ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამაზე ჩვენ იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ – ეკატერინე ტიკარაძე

1 თებერვლის მოახლოებას მოუთმენლად ელოდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. დიდი ინტერესია, თუ როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბიზნესის რომელი სფერო გაიხსნება რა რეგულაციებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ:

ამ ეტაპზე ვმუშაობათ ბიზნესთან და ვინაიდან ჩვენთვის იყო საკმაოდ კარგი გამოცდილება, რომელიც საახალწლო გახსნისას გვქონდა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ რამდენად ეფექტურები ვიყავით აღნიშნული გახსნის პერიოდში და შევძელით აღგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არგავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. ჩვენ დავხვეწეთ მიდგომები, გვაქვს კომუნიკაცია, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ქსელი გავხსნათ.

1 თებერვლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ქსელები და მოლები. ამის შემდეგ გვექნება შეხვედრები ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან, სადაც იგივე ფორმატს გადავიტანთ, რომელიც წარმატებული იქნება სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად, აღდგება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამაზე ჩვენ იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ

საქართველოში ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნის პირობები და პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა:

როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა მისი საერთაშორისო აღიარებაა – ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 3 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც PCR-ტესტირება სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდა. კერძოდ, 11 იანვარს, ტესტირება ჩაუტარდა ნომერ მე-2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ 1 აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი. 12 იანვარს, ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, ტესტირება ჩატარდა მე-6 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში სრულად კონტროლდება ვითარება, სისტემის დაცულობისთვის ტარდება კომპლექსური პრევენციული ზომები და ამ ღონისძიებების შედეგად ხდება ვირუსის შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა.

საბჭომ ასევე იმსჯელა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპამდე ბიზნესის მზადყოფნის აუცილებლობაზე და მიიღო ინფორმაცია ეკონომიკურ სუბიექტებთან შეხვედრების შესახებ, რომელიც მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად იმართება. მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტირება ტაქსის 6 ათასზე მეტ მძღოლს ჩაუტარდა, თუმცა დადებითი შემთხვევების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. ასევე, კორონავირუსზე გაიტესტა სხვადასხვა კონფესიის 2 ათასზე მეტი მსახური და ინფიცირების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 1%-ია. გაიზარდა ბაზრობებზე მოვაჭრეთა ტესტირების რაოდენობაც და 4 ათასი ტესტიდან დადებით შემთხვევათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10%-დან 8%-ზე ჩამოვიდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება, რათა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.
ამასთან, აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულების კონტროლი. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 243 255 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 227 611 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 846 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 496 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 579 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 873 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო” – ნიკა გვარამიას განმარტებები და გამოხმაურებები მის გამონათქვამთან დაკავშირებით

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გამონათქვამთან დაკავშირებით ცალკეული პიროვნებების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ პასუხობს ნიკა გვარამია და ასევე მის პირად გვერდზე გაზიარებულია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების კონკრეტული მოსაზრებები:

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული“, – არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტექსტზე მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩავედი ჩინეთში. თან მახლავს სოფო, რომელიც კარგად ფლობს ჩინურს. სადაც რამის შეკითხვა ან თქმა მინდა, ყველგან ის მითარგმნის.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ამ ისტორიას ვყვები, ვთქვათ ნანუკას შოუში, და ვამბობ: აი, ასე შემოვიარეთ მე და სოფომ ნახევარი ჩინეთი მოსე და აარონივითთქო.
და ამის მერე რა ხდება? ებრაული თემი გადაირევა და ზედ ქრისტიანული მიყვება?

უკაცრავად, და გამოხატვის თავისუფლებაში რომ ჯდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს ამ წამს. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სად ამოიკითხეთ, ხო კარგად ხართ? მიშა ალაჰს და ჩემი თავი მუჰამედს კი არა, ივანიშვილის მიერ დახატული მიშას და ჩემი ურთიერთმიმართება შევადარე ღმერთის და მოციქულის ურთიერთმიმართების პარადიგმას.

მზად ვარ, ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი და, მიუხედავად იმისა, გამოხატვის თავისუფლებაში რომ სრულად ჯდება, დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი.

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი პოზიცია დაფიქსირდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს – რელიგიური თუ უფლებადამცველი წარმომადგენლების მხრიდან. წარმოგიდენთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ნიკა გვარამიას ფეისბუქის გვერდზეა გაზიარებული:

 

ტარიელ ნაკაიძე – მუსლიმი თემის წარმომადგენელი
11 იანვარს ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომელიც კრიტიკულად განწყობილ მედიასაც მიემართებოდა თქვა:
…ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია

აღნიშნულ კომენტარს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით და მოითხოვენ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების შინაარსში არ იკვეთება რელიგიური ქვეტექსტი/ მოცემული კომენტარი ალეგორიულად აჩვენებს კონკრეტული მისიის შესრულების ფორმას და მას არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ.

არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის. ის ერთნაირად უნდა იცავდეს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტს, მათ შორის მედია საშუალებებს. ჩემი აზრით, ეს კომენტარი უნდა განვიხილოთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჭრილში.

საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას ამ გამოხატვასთან დაკავშირებული გამოხმაურებები იმ ცალკეული პირების მხრიდან გაჟღერდა, რომელთა ხმა არასდროს ამოუღიათ რელიგიური დისკრიმინაციის, დევნისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან შემთხვევებზე და არც მუსლიმი თემის ან სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოუხატავთ საჭირო დროს სოლიდარობა.

სწორედ ამიტომ მათ განცხადებებს პოლიტიკური მიზანი და სარჩული უფრო აქვს და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით ცდილობენ რელიგიური გრძნობების გამოყენებას,” – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

 

ნინო ლონჯარია – საქართველოს სახალხო დამცველი
ცალკეულმა პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად, დისკრიმინაციულად შეაფასეს და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

გავეცანი მუსლიმი თემის ჩემთვის ანგარიშგასაწევი არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის სასულიერო პირების საპირისპირო პოზიციებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას, რაც მიმაჩნია, რომ ისეთივე სახიფათოა, როგორც სიძულვილის ენის რეალურად გამოყენება. აღარაფერს ვამბობ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკებზე.

მოვუწოდებ ყველას, სიფრთხილე გამოვიჩინოთ რელიგიურ საკითხებზე დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, მითუმეტეს, რომ, სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.

სჯობს ვისაუბროთ ამ და სხვა მრავალ გამოწვევაზე, რაც რეალურად აწუხებს თემს!” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

გიორგი მშვენიერაძე – უფლებადამცველი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადამიანს გულწრფელად გონია, რომ ის, რაც Nika Gvaramia-მ თქვა, მუსლიმების შეურაცხყოფაა და ამას ლინგვისტურ პრობლემებს მივაწერდი. თუმცა, ამ გზააბნეული “ზოგიერთის” მიღმა არიან ადამიანები, რომლებიც მშვენივრად ხვდებიან, რომ არანაირ სიძულვილსა და შეურაცხყოფას ეს გამოხატვა არ შეიცავდა, მაგრამ თვალთმაქცურად და მიზანმიმართულად ცდილობენ საკითხის ისე დაყენებას, თითქოს დიდად შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გაჩენას, და ეს მაშინ, როცა ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ურბევდნენ მეჩეთებს, უნგრევდნენ მინარეთებს, ღორის თავებს უჭედებდნენ კარზე, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ და ამაზე მათი ხმა არავის გაუგია, რადგან ეს სწორედ იმ ხელისუფლების პირობებში და ხელდასმით ხდებოდა, რომელსაც თავად წარმოადგენენ ან მხარს უჭერენ.
ამავე საკითხს ამომწურავად გასცა პასუხი სამაგალითო მოქალაქე Tariel Nakaidze-მ და მეტს ვერაფერს დავამატებდი“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

 

რუსუდან გოცირიძე – საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი
1. ხუმრობა რელიგიური გრძნობა არაა და მისი გაკრიტიკებაც შეიძ₾ება და დაგმობაც. ხუმრობა არც ცალსახად პოზიტიური მოვლენაა და მისი გამოყენება იოლად შეიძლება ვინმეს დასაჩაგრად, დასამცირებლად, სტიგმატიზებისა თუ მარგინალიზებისათვის.
2. რელიგიური გრძნობა ნამდვილად არსებობს ბუნებაში, მაგრამ მისი კანონის ჩარჩოებში მოქცევა, მისი კანონით დაცვა ან მისი შეურაცხყოფის აკრძალვა სრულებით წარმოუდგენელია და უფრო მეტიც, ძალიანაც არარელიგიური და მავნებლური მოწადინებაა.
3. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სათქმელის თქმის და ნებისმიერი ნათქვამის მოწონებისა თუ გაკრიტიკების უფლება და თავისუფლება.
4. ყველამ უნდა თავად უსმინოს თავის ნათქვამსა და დაუდგეს დარაჯად, რომ ვინმეს არ ავნოს, არ შეურაცხყოს, არ დაჩაგროს, არ გაინაპიროს….
და ჩემი მთავარი სათქმელი – ჩემის ღრმა რწმენით, ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილს არაფერი აქვს საერთო იმ ამბავთან, რაზეც დიდი სჯა ბაასია ატეხილი ჩვენს საზოგადოებაში.
უფრო მეტიც – ჩემი ღრმადმორწმუნე მუსლიმი მეგობრები როგორც სუნიტური, ისე შიიტური ტრადიციებიდან, ამბობენ, რომ გვარამიას განცხადებაში არაფერს ხედავენ არც შეურაცხმყოფელს და არც დამამცირებელს! (ეს პირველი და მთავარი)….
და ასევე, იგივე ადამიანები გაოცებულები შესცქერიან “რელიგიურად შეურაცხყოფილი ადამიანების” გაცხარებას, რადგანაც მათი ხმა არავის გაუგონია არც ისლამოფობიის, არც დევნის, არც დისკრიმინაციის საკითხებზე,” – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

ოპოზიციურ სუბიექტებს რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზება თუ არ ექნებათ, მაშინ რევოლუციური სცენარი მოქმედებს – გიორგი ვოლსკი

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით ინტერესი დიდია, თუმცა კი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როდის შედგება იგი. წარმოქმნილი პაუზა შეფასებების მრავალფეროვნების მხრივ გარკვეულ მოლოდინებს ქმნის. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ თუკი ოპოზიციას მოლაპარაკებებზე რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზებები არ ექნებათ, მაშინ რეალურად მოქმედებს რევოლუციური სცენარი:

ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურ სუბიექტებს თანხმობა ან რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზება თუ არ ექნებათ, ეს იქნება ლუსტრაცია და ეს არის იმის მანიშნებელი, მთელი საზოგადოებისათვის, მათ შორის, მათი მხარდამჭერებისათვისაც, რომ ადამიანები, პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები. აქედან გამომდინარე, რევოლუციური სცენარი მოქმედებს და კვლავ სააკაშვილის თემა რჩება მათთვის აქტუალური. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი მხარეა მართალი,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საარჩევნო და პოლიტპატიმრების საკითხებზე შეთანხმება თუ შედგა მე და ლევან იოსელიანი ხელს მოვაწერთ, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე! – ალექსანდრე ელისაშვილი

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის წინ პარტია „მოქალაქეები“-ის თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილი კონკრეტულ პირობას ასახელებს, რაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც ის და ლევან იოსელიანი ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შესაბამისად დაისმევა პარლამენტში მათი შესვლის საკითხიც:

საარჩევნო ადმინისტრაციის, სისტემის და კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებაზე და პოლიტპატიმრების თემაზე თუ წამოვა “ქართული ოცნება”, მე და ლევან იოსელიანი შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საქმე!” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის მერის ინიციატივით, კრწანისში “ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი” დაიდგა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა.

მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი: “ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!”

საქართველოს პრეზიდენტი, ივანიშვილის ოჯახის ჭორვილაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძის მოსაზრებას ეხმიანება და მიაჩნია, რომ ეს ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეების და ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფაა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი:

ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!” – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის: გუშინ ტვ “პირველის” ეთერში “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შემდეგი რამ განაცხადა:

მოსახლეობას კითხვა არ უნდა გაჩენოდა – ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, ჭორვილაში რატომ ზის 15 წელიო?

თქვენ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გგონიათ, ვინც თავისი ნებით, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?