შაბათი, მაისი 18, 2024
Home Blog Page 1494

გასული კვირის აქტუალური თემების კოლაჟი

სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკში აღარ აშენდება – თბილისის მერიასა და ინვესტორებს შორის შეთანხმება შედგა

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელის გოგა ზაქაიძის განცხადებით, მოლაპარაკება ქალაქ თბილისის მერიასთან წარმატებით დასრულდა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე  და სასტუმროს ინვესტორებს შესთავაზა რამოდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რომელსაც ისინი დასთანხმდნენ. ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება.

„შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი არის რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს და ადეკ­ვა­ტუ­რია, ამი­ტომ დავ­თან­ხმდით გაც­ვლა­ზე. ჩვენ­თვის არ აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ბიზ­ნესს ვა­კის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ვა­კე­თებთ, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, მთაწ­მინ­და­ზე, ვარ­კე­თილ­ში თუ გლ­დან­ში. იქ არის სა­ინ­ტე­რე­სო ვა­რი­ან­ტე­ბი, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ“, – გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­ი­ძემ.

 

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აღდგა – მამა კონსტანტინეს წინააღმდეგობის მიუხედავად, გარემოვაჭრეები საკუთარ ადგილებს უბრუნდებიან

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს, წინააღმდეგობის მიუხედავად, მონასტრის შესასვლელთან გარემოვაჭრეები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. მონასტრის კარი მნახველებისთვის ღიაა, მაგრამ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი ადგილი გარემოვაჭრეებს არ აკმაყოფილებთ. მათი განცხადებით, თუ სვეტიცხოვლის, ანანურისა და სხვა სამონასტრო კომპლექსების წინ ვაჭრობა ხელს არ უშლის ღვთისმსახურებას, ისინი ვერ ხვდებიან, რატომ არ შეიძლება იგივე საქმიანობა ჯვრის მონასტრის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს პროტესტის ნიშნად ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მამა კონსტანტინემ, სამონასტრო კომპლექსის კარი დაკეტა მომლოცველებისა და ტურისტებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის მოგვარებაში ქ. მცხეთის მერია ჩაერთო, საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს.

 

სკეკ-ის მიერ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე „მაგთი“ და „სილქნეტი“ ვალდებულია შეაჩერო ტარიფების ცვლილება

მობილური კავშირის ოპერატორების „მაგთისა“ და „სილქნეტის“ გადაწყვეტილებას ტარიფების ზრდის შესახებ ფართო რეზონანსი მოჰყვა არამარტო საზოგადოებაში. თემას გამოეხმაურა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. მათ განცხადებაში ვკითხულობთ: „პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, მყისიერად დაიწყო საკითხის შესწავლა. კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“.

 

საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ლარში სესხის სავალდებულო ზღვარი 200 ათას ლარამდე გაზარდოს

„დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

აღნიშნულ ინიციატივას ინტერნეტ-პორტალი bpn.ge აქვეყნებს. ჯერჯერობით უცნობია, რა შინაარსის საბოლოო სახეს  მიიღებს ეს გადაწყვეტილება და ბიზნესის, რომელ სფეროს შეეხება ცვლილებები.

განათლების სამინისტრო: “2020 წლიდან საატესტატო/გამოსაშვები გამოცდები აღარ იქნება სკოლებში”

გამოცდების ეროვნული ცენტრში ხელმძღვანელობის ცვლილებას, 2019-20 წლებში მოჰყვება ცვლვილებები სკოლებში გამოსაშვებ და ერთიან ეროვნული გამოცდების ნაწილშიც.

დღეს გამართულ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე არაერთი სიახლე გაჟღერდა.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა სიახლეები არის როგორც სკოლებში საატესტატო/გამოსაშვები გამოცდების მხრივ, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება სკოლებში, თუმცა, მანამდე, უკვე მიმდინარე სასწავლო წელს, გაუქმდება საატეტსტატო გამოცდები მე-11 კლასელებისთვის (მე-12 კლასელები ჩვეულებრივ ჩააბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს).

ცვლილებებია დაგეგმილი, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩაბარების დროსაც. 2020 წლისთვის, აღარ იქნება სავალდებულო ზოგად უნარებში გამოცდის ჩაბარება, აბიტურიენტებს ევალებათ, მხოლოდ 3 საგნის ჩაბარება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ხოლო მესამე გამოცდა იქნება იმ პროფილის შესაბამისად, რა სპეციალობასაც აირჩევს აბიტურიენტი.

თეონა წიწაკიშვილი: “გუსტავ, გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი?!”

სოციალურ ქსელებში სახალისო პოსტს აქვეყნებს ხელოვანი, მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი.

შვედი მეგობარი მყავს, გუსტავი. ყოველ წელს ვეპატიჟები, ჩამოდი, გაჩვენო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე-თქო (შვედეთიც ძალიან დახატული ქვეყანაა) და ჯერ ვერ მოახერხა. 2027-მდე მაქვს ყველაფერი დაგეგმილიო;)

იმ დღეს, შობა მომილოცა და მითხრა, შვედეთი ყველაზე ბედნიერ ქვეყანად გვაღიარესო.
საიდან დაასკვენი, რომ ბედნიერები ხართ-თქო?
საიდანო და:
1. 4 სამუშაო დღე გვაქვს კვირაში.
2. 2-3 წელში, ფიზიკურად არ იარსებებს ფული, მხოლოდ პლასტიკური ბარათები გვექნებაო.
3. მშპ თითოეულ მოქალაქეზე $50 ათას სცდებაო.

გილოცავთ-თქო! აბა სხვა რა უნდა მეთქვა, გულზე გახეთქილს? 😕

თქვენ როგორ ხართო?

რა ვიცი, ჩვენი მთავრობაც მუშაობს ბედნიერების ინდექსის გასაზრდელად-თქო:

შობას, ახალი წელს და აღდგომას, ორჯერ აღვნიშავთ.
ფული, ჩვენ კაი ხანია აღარ გვაქვს. პლასტიკურ ბარათებზეც უარი ვთქვით. მხოლოდ ნისიებით ვცხოვრობთ.
მშპ-ს ინდექსი არც კი გავიტერესებს, ისეთი ბედნიერები ვართ.
ა, ხო, საახალწლოდ, მთავრობამ ყველას დაგვიფარა კრედიტი და ახლ წელს ვალმოხდილები შევხვდით-თქო.
და კიდევ, ყოველ დღესასწაულზე გიორგი ვაშაძე პირადად გვიგზავნის მოლოცვას-თქო.

ეგ ვინააო?
გუსტავ, გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი-თქო?
ბოდიში, ნაღდად არ ვიციო.
აბა, თქვენ იუსტიციის სახლიც არ გექნებათ-თქო.
არ გვაქვსო.

ხოდა, ჩემო გუსტავ! სპერვა პადუმაი, ა პატომ გავარი-თქო და მიმინოს ლინკი ჩავუგდე. 😉

დღეს მომწერა: ზაფხულში დაახლოებით რა ღირს სასტუმროებიო?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა წიწაკიშვილი.

საპროტესტო აქციის ნაცვლად საზეიმო ღონისძიება ვაკის პარკში

ვაკის პარკში დღეისათვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია საზეიმო ღონისძიებით შეიცვალა.

გარემოს დამცველებისა და სამოქალაქო სექტორის პრინციპულმა და უკომპრომისო პოზიციამ შედეგი გამოიღო – ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება!

2 დღის წინ, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

“ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება!” – განაცხადა ბრიფინგზე კახა კალაძემ.

გარემოს დამცველები ერთმანეთს ულოცავდნენ მიღწეულ გამარჯვებას და მზადყოფნას გამოთქვამდნენ, რომ შემდგომშიც უკომპრომისო დამოკიდებულება იქნებათ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიმართ, რის შედეგადაც ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს.

ესეც პატარა გარემოს დამცველი 🙂

მამუკა მდინარაძე: “პრეცედენტული შეიძლება ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ მიიღეს”

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება, ეხმიანება “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ “შეიძლება პრეცედენტულიც კი ვუწოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მერიამ და კახი კალაძემ დღეს მიიღეს”.

“ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ შეთანხმება შედგა. ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა. როდესაც ყველანი ჩვენ ერთად ვაანონსებთ იმას, რომ გარემოს დაცვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ პრეცედენტული და მისასალმებელია.

კახის უწევს იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და გიგი უგულავამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს და დღეს ყოფნით თავხედობა, რომ აქეთ აკრიტიკებენ ჩვენს თანაგუნდელებს.

გიგი უგულავას უბრძანებია, რომ კახი კალაძე მისი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს. სასაცილო წინადადება რომ არის, ამის გარდა, კახის მართლაც უწევს გამოვიდეს უგულავას მიერ თბილისში შექმნილი მძიმე პრობლემებიდან და საბედნიეროდ ამას ახერხებს” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება მაგთისა და სილქნეტის მიერ შემოთავაზებულ ახალ ტარიფებს

მაგთისა და სილქნეტის (ჯეოსელი) ახალმა სატარიფო შემოთავაზებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მოსახლეობაში, იყო უკმაყოფილებაც ცალკეულ სერვისებთან მიმართებაში ტარიფის გაზრდის გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამაც. კომისიის განცხადებით, აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს.

კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული განცხადება გააკეთა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, რომელმაც პირველი არხის გადაცემაში “მოამბე – დღის თემა” სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის ტარიფებზე ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.

კობა ბექაურის განცხადებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალაუფლება მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ.

 

სუს-მა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

2018 წლის 26 დეკემბერს, თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ. წყალტუბოში, შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კახა კალაძე – ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

“სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელთან შეხვედრა გვქონდა. ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება. ინტერესი საკმაოდ დიდია. მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება” – განაცხადა კახა კალაძემ.

ყოველივე ამას წინ უძღოდა დედაქალაქის მერის კახა კალაძის, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის საკითხი განიხილეს და იმ სამართლებრივ ბერკეტებზე იმსჯელეს, რომელზე დაყრდნობითაც თბილისის მერია მეპატრონეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის უფლებას არ მისცემს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ერთხელ ადასტურებს.


რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა.


“დაუყოვნებლივ შეწყდეს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთხმად მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

ორსულებისთვის გრიპზე ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ორსულებისთვის გრიპზე ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. აცრის ჩატარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშია შესაძლებელი.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე “საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის” გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეძენილი იქნა 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

გარდა ამისა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამოთქვა მზაობა სრულიად უფასოდ ჩაუტაროს აცრა მოქალაქეებს. 2 დღის განმავლობაში ვაქცინაცია მხოლოდ ორსულებს ჩაუტარდებათ, შემდეგ კი მომართვიანობის საფუძველზე გადაწყდება კიდევ რომელი ჯგუფებისთვის იქნება გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის კომპანია „გეფა-მ“ საკუთარი მარაგებიდან ვაქცინის 4000 დოზა გამოყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე (ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში) რისკ-ჯგუფში შემავალი 41 000 ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო. 

სახელმწიფო ორსულთა ვაქცინაციას 2017 წლიდან ახორციელებს და შეინიშნება ვაქცინაციისადმი მოთხოვნის მზარდი ტენდენცია, მაგ. თუ 2017-2018 სეზონზე აიცრა 532 ორსული, 2018-2019 წლის სეზონზე მათმა რაოდენობამ შეადგინა – 1 111.