მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის კონკრეტულ შეფასებებს ეხმიანება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს:
“სიმულაცია შეიძლება ეწოდოს პაციენტის ქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არა რეალური გაუარესება, არამედ მხოლოდ იმიტაცია.
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად უარესდება, მაქსიმუმი, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი, არის მკურნალობის საბოტირება, ან თუნდაც სუიციდის მცდელობა.
იუსტიციის მინისტრი რადგან ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ამიტომ მისი დასკვნა “სიმულაციასთან” დაკავშირებით წმინდა წყლის სპეკულაციაა.
თუ მკურნალობის საბოტირებასთან გვაქვს საქმე და სახელმწიფო ამას მშვიდად ადევნებს თვალს, ეს გახლავთ თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
ანუ, იუსტიციის მინისტრმა გუშინ მისცა აღიარებითი ჩვენება, ერთგვარად დააანონსა საკუთარი დანაშაული და ამის მტკიცებულების გამოქვეყნებასაც დაგვპირდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის: იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას იმისთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“.

