ბატონო ირაკლი მაინტერესებს რას ვაკეთებთ მომდევნო 2-3 კვირის მანძილზე?! რისი მოსწრება შეგვიძლია?! – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სამოქმედო გეგმა შეთავაზა, რომლის განხორციელება ოპოზიციონერი ლიდერის თქმით დარჩენილ 2-3 კვირაში უნდა მოხდეს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მის მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმა აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად:
„ერთ საკითხზე მაინც შევთანხმდეთ – რაღაც მეტია საჭირო, რაღაც მეტი გვაქვს გასაკეთებელი. თითქოს ეს 2-3 კვირა ჩვენი დიდი ისტორიული შანსის წინ გვაქვს და შეგვიძლია, რაღაც უფრო მეტი გავაკეთოთ ერთად, ამ დარბაზში მსხდომმა ადამიანებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, სამოქალაქო სექტორმა თუ მედია საშუალებებმა.
გუშინ ევროკავშირის ელჩმა ძალიან სწორი და კარგი გზავნილი გააჟღერა, ამ მოკლე დროში რომელიც დარჩენილია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს მხრიდან.
ბატონო ირაკლი მე მინდა ამ გადამწყვეტი ნაბიჯების ჩვენეული ვერსია შემოგთავაზოთ. ეს კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრსაც დავუსვი, პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ არ შემოვდივარ პოლემიკაში, რადგან დღეს ერთმანეთზე თავდასხმის და ლანძღვის დრო არ არის, წლები გავა და ამას კიდევ მოვასწრებთ.
ბატონო ირაკლი მაინტერესებს რას ვაკეთებთ მომდევნო 2-3 კვირის მანძილზე?! რისი მოსწრება შეგვიძლია?!
ჩვენ კი შემოგთავაზებთ ჩვენეულ ვერსიას, რომელსაც წერილობითაც გადმოგცემთ აუცილებლად:
1. ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
2. საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;
3. შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
4. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში;
5. მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
6. ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
7. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება.
ახლა დაპირისპირების დრო არ არის, კარგია, რომ თქვენ აპირებთ ევროკავშირის დედაქალაქებში ჩასვლას მაგრამ თუ ჩახვალთ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით დამერწმუნეთ პასუხიც იქნება პოზიტიური.
ნუ წაგვართმევთ ამ შანსს ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახებს, შვილებს. გუშინ გზავნილი იყო „ევროპისკენ“, ეს იყო გუშინდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანი, მე დავამატებდი ამას „ერთად ევროპისკენ“ ‘’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

