პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის აზრით მე-3 პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა:
,,მე არაერთხელ მითქვამს, რომ პატიმრებზე საჯაროდ ჩვენს ხალხს არ ვესაუბრები. არსებობს შესაბამისი უწყება პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვით მიმართოთ.
მე, როგორც მთავრობის მეთაურს მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი რამ ითქმის საჯაროდ, უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ.
სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს ომი.
დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მაიუპოლს.
რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს ამაზე ვარ პასუხისმგებელი – იყო მეორე ფრონტის გახსნის განზრახვა. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში.
სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მეორე ფრონტის გახსნის მზაობა. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის.
ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება, ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ‘’, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


