“ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართულ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომებზე განხილული იქნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა. ამ პოსტზე საერთო გადაწყვეტილებით და მხარდაჭერით წარდგენილი იქნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა:
“მინდა ყველას მოგახსენოთ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადწყვეტილება და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერის თანამდებობაზე.
ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი.
ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვარ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები.
მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება.
კიდევ ერთხელ მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

