spot_img
მთავარიკანონი და სამართალიპარლამენტმა "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანას.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.

ცვლილებები აგრეთვე შეეხება პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, დროებით კომისიებსა და სხვა საპარლამენტო ორგანოებში წევრთა წარდგენისა და უფლებამოსილების განხორციელების წესებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით წესრიგდება პარლამენტის პლენარული სხდომების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხები, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების განხილვის, განხილვის გაგრძელებისა და კენჭისყრის წესები. ასევე, განისაზღვრება საკანონმდებლო პაკეტში შემავალი პროექტების მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ ერთიანი კენჭისყრის შესაძლებლობა და ზუსტდება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პროცედურა.

გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირებისა და ორგანოების ანგარიშების განხილვის წესს, ინტერპელაციის გამართვის პროცედურას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის ფორმატს და პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პარლამენტში შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისი თქმით განცხადებით, გასულ წელს პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე და პროცედურული ცვლილება დაამკვიდრა.

„რეგლამენტით ახლებურად მოწესრიგდა მრავალი საკითხი, რამაც პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას შეუწყო ხელი. ახალი რეგლამენტის საფუძველზე პარლამენტმა უკვე გამართა საშემოდგომო და საგაზაფხულო სესია. აღნიშნულმა პერიოდმა შესაძლებლობა მოგვცა პრაქტიკაში დაგვენახა სხვადასხვა პროცედურის ეფექტიანობა და გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებიც დამატებით დაზუსტებასა თუ დახვეწას საჭიროებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზუსტდება „ცნობად მიღების“ პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ტერმინი „ცნობად მიღება“ იცვლება მსგავსი შინაარსის სხვა ტერმინოლოგიით. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში იცვლება ან ზუსტდება აღნიშნული საპარლამენტო სუბიექტების მიერ ცნობად მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი შედეგების ამოქმედების დრო.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებით ზუსტდება უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრების პროცედურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება შედის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ადგენს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების საკითხს. მოქმედი ნორმის თანახმად, განსაზღვრული ფიქსირებული შესვენების დრო – 15 საათიდან 16 საათამდე უქმდება და სხდომის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების საკითხს საჭიროებისამებრ გადაწყვეტს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეს გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პარლამენტის ბიუროს ენიჭება.

ცვლილება ეხება რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტს. კერძოდ. კანონპროექტის ინიციატორს ენიჭება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე მისი გათხოვის უფლებამოსილება, რომელიც მას, მოქმედი ნორმის თანახმად, კანონპროექტის მხოლოდ პირველი მოსმენით მიღებამდე აქვს.

ზუსტდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების წესი.

კერძოდ, განისაზღვრება, რომ თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და დაიწყო მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მაგრამ იმავე კვირის განმავლობაში იგი არ იქნა მიღებული სამივე მოსმენით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მისი განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დაჩქარებული წესით მომდევნო პლენარული სხდომის (სხდომების) კვირაში.

პროექტის თანახმად, ზუსტდება ნორმები, რომლებიც კანონპროექტის თაობაზე შენიშვნის გამოთქმის საკითხს აწესრიგებს.

ასევე, განისაზღვრება, რომ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომელთა მისაღებად თანაბარი რაოდენობის ხმებია საჭირო, კენჭისყრა ერთიანად გაიმართება, თუ კენჭისყრაში მონაწილე პარლამენტის რომელიმე წევრი კენჭისყრის წინ არ მოითხოვს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ თითოეულ პროექტზე კენჭისყრის ცალკე გამართვას.

ცვლილება ასევე შეეხება პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლს, რომელიც ინტერპელაციის წესს არეგულირებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერპელაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ:

• ინტერპელაციის გამართვის დღედ ოთხშაბათსა და ხუთშაბათთან ერთად დგინდება სამშაბათიც;

• ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვის დასმის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათის 12 საათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის დღის ბოლომდე, ხოლო აღნიშნული შეკითხვის მისი ადრესატისთვის გადაცემის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის მომდევნო დღის ბოლომდე;

• ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება სხვა საკითხების განხილვით დაიწყოს და გაგრძელდეს ინტერპელაციით. ამასთანავე, ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტისთვის წარდგენილი ცალკეული ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებული საკითხიც.

ცვლილება შეეხება რეგლამენტის მე-200 მუხლს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის არჩევის წესს.

კერძოდ, უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ.

ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განახორციელებს აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენას და გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე.

პროექტის თანახმად, ზუსტდება საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პროცედურა.

კერძოდ, განისაზღვრება, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის დასრულებით აღნიშნული პროცედურა სრულდება.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ შესაძლებელი იქნება პარლამენტის პლენარული სხდომის გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი ცვლილება გააცნო, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონს ეხება.

პროექტის თანახმად, თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს ერთი საერთო განმარტებითი ბარათი დაერთვის, რომელშიც აისახება საკანონმდებლო პაკეტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

ცვლილებები შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში.

შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა პარლამენტის წევრების მიერ გამოთქმული წინადადებები კომიტეტების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით და ასევე, ინტერპელაციის დროს შეკითხვის ავტორისთვის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის გამოყოფილი დროის გაზრდასთან დაკავშირებით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში” ცვლილებები შევიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა...

“ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა,...

“ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“მიყვარხართ” , “ყველაფერი კარგად იქნება” – მხოლოდ ამის თქმა მოასწრო😣” – ელისო კილაძის შვილი

2 ივნისს გამართული სასამართლო სხდომის შესახებ მოკლე განმარტებას აკეთებს...