“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-შედარებებს აკეთებს:
“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო. მახსოვს, როგორ ეხმარებოდით ადამიანებს და ხშირად ერთადერთი დასაყრდენი იყავით კრიმინალთან ბრძოლაში. მახსოვს ის დროც, როდესაც პატრულის დანახვა გვიხაროდა, რადგან გვეგონა, რომ პრობლემა აუცილებლად მოგვარდებოდა.
დღეს კი პოლიციას მოქალაქეებზე, მათ შორის ქალებზე, ძალადობის რეპუტაციას უქმნიან. ეს შემთხვევით არ ხდება. “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ცდილობენ, პოლიცია საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქციონ, რათა საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობა დაანგრიონ. მათ სურთ, რომ მოქალაქეებს პოლიცია აღარ აღიქვამდეთ საკუთარ დამცველად, არამედ ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად.
ნუ აჰყვებით ამას. პოლიცია უნდა იყოს მოქალაქეების დასაყრდენი, მათი უსაფრთხოების, უფლებებისა და კანონის დაცვის გარანტი. თქვენ, რიგითმა პოლიციელებმა, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოთ და გააძლიეროთ.
წლების განმავლობაში პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი იყო ქვეყანაში, საპატრიარქოს შემდეგ. ეს ნდობა დიდი შრომით, პროფესიონალიზმითა და მოქალაქეების სამსახურში დგომით მოიპოვეთ. ნუ მისცემთ უფლებას “ქართულ ოცნებას” და რუს ოლიგარქს, ეს ნდობა საკუთარი ინტერესებისთვის გაანადგურონ.
სწორედ ხალხის სამსახური, ღირსება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც პოლიციას ძლიერს ხდის. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ პოლიცია ყოველთვის უნდა დარჩეს ხალხის სამსახურში მდგომ ინსტიტუტად“, – წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.

