განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია საზოგადოებას კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:
“ამ დღეებში სულ მხვდებოდა ოპოზიციის კრიტიკა, რატომ არის პასიური, ან რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა და ა.შ.
კრიტიკის სურვილი მეც გამჩენია, მაგრამ ამ პოსტში ამ სურვილს შეგნებულად არ შევისრულებ.
მგონია, რომ ვინც ახლა ოპოზიციას აკრიტიკებს და მისგან ნათელ გეგმას ითხოვს, თვითონ უნდა გვთავაზობდეს რაღაც კონკრეტულს. ამის გარეშე დღევანდელ ვითარებაში კრიტიკა უპასუხისმგებლობაა.
უნდა ვაღიაროთ, რომ კარგი გზა ამ წუთში არ გვაქვს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი სისუსტეები ადვილად გამოჩნდება. ამიტომ ბევრი დაბნეულია და პესიმიზმმა მოიცვა.
ასეთი დაბნეული ხალხი ბრაზობს და ოპოზიციისგან სასწაულს ითხოვს: მოიფიქრეთ რაღაცა და გვიშველეთ!
ეს იმის შემდეგ, რომ რამდენიმე წელი ამავე ხალხს ტრიბუნას არ ვაკარებდით და ვიძახდით (ბევრი იძახდა), არ გვინდა ოპოზიციაო. ახლა, რაკი თვითონ არ ვიცით რა ვქნათ, მათზე პასუხისმგებლობის გადაბარება გვინდა.
ადამიანები, ვინც ოპოზიციაშია, იმიტომ არ არიან იქ, რომ რაღაც საიდუმლო ცოდნა აქვთ. რაც ჩვენ ვიცით, არსებითად ის იციან მათაც. მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად აიღეს თავზე ეს პასუხიმგებლობა.
ფიქრის პასუხიმგებლობა ყველაზეა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

