“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე მმართველი პარტიის საკონსტიტუციო ინიციატივას ეხმაურება:
“27 აგვისტოს მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა, რაც ცალსახად მეტყველებს მათ წინასაარჩევნო აგონიაზე, რომლებიც, როგორც წყალწაღებულნი ისე ეკიდებიან მართლმადიდებლობისა და პატრიარქის რეიტინგს.
,,ქართული ოცნება“ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც სიტყვის და რელიგიის თავისუფლებასთან ასოცირდება და ნუ დაგვავიწყდება ის ისტორიული ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი, რომლის სწორხაზოვან პირმშოს დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს, მართლმადიდებლობას ,,სექტას“ უწოდებდა და მის შესასწავლად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა ათეისტური კაბინეტი.
რელიგიისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება ძირს უთხრის თავად რელიგიას, რადგან ის ხდება არა ხალხის, არამედ სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი და მით უმეტეს საქართველოში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბიუჯეტიდან 128 მილიონი დაფინანსება მიიღო.
მრავალფეროვან, ეთნიკურ-რელიგიურ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გამოიწვევს რელიგიური ინსტიტუტების პოლიტიზაციას და მათი გავლენის ზრდა პოლიტიკურ პროცესებზე, დაემუქრება ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვას, შელახავს სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების უფლებებს, მოახდენს საზოგადოების პოლარიზაციის, შეუთანხმებლობაში მოვა საერთაშორისო სექულარიზმთან, ადამიანის უფლებების პრინციპებთან, ხელს შეუწყობს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, სისტემატიურად იქნება განხეთქილებების კატალიზატორი და მოახდენს მართლმადიდებლობის, როგორც რელიგიის დისკრედიტაციას.
,,ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ცალსახად მეტყველებს მათ აგონიაზე, არჩევნების წაგების დიდ შიშზე და საქართველოს საპატრიარქოსა და უწმიდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის თითქმის 90%-იანი რეიტინგის თავის სასარგებლოდ გამოყენებაზე“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.