ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024

“ამ კომპონენტების ერთობრიობამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ “ერთიანობის” წევრები ვყოფილიყავით” – გიგი წერეთელი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პარტია შეერთებოდა აღნიშნულ გაერთიანებას :

  • რატომ მიიღეთ ,,ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანების გადაწყვეტილება?

– მას შემდეგ, რაც ,,ევროპულ საქართველოში” განვითარდა მოვლენები – საზოგადოებისთვის ცნობილია, პარტიის თავმჯდომარემ და პარტიის წევრების ნაწილმა დატოვა პარტია, რაც, რა თქმა უნდა, იყო ცუდი გადაწყვეტილება და ნებისმიერი პარტიისთვის ეს რთულია, როდესაც ასეთი მოვლენა ხდება არჩევნებამდე ორი თვით ადრე. რაც არ უნდა იყოს მიზეზები შიდა განხეთქილება, ათასი ბრალდება ისმის, ნებისმიერ შემთხვევაში ზოგადი პროცესისთვის, ოპოზიციური ფლანგისთვის, როდესაც პროდასავლურ პარტიაში იქმნება პრობლემა ეს არის ცუდი.

ჩვენ მანამდეც გვქონდა გაცხადებული და ამომრჩევლის დაკვეთაც, მოდით ასე ვთქვათ, არის ერთიანობაზე ორიენტირი და ის, რომ საარჩევნოდ მაქსიმალურად მოხდეს ოპოზიციური ხმების შეკრება და არა დაფანტვა და შესაბამისად ეს პროცესი მე ვფიქრობ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც არის მხარდაჭერილი.

იმიტომ, რომ ეს არის სწორი პროცესი. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების საარჩევნო ტაქტიკას, ჩვენ ვხედავთ თუ როგორი გეგმები აქვთ მათ საარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ განსაკუთრებით არაორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, არის ისევ საუბარი დაპირისპირებაზე, ქაოსზე, პარტიების აკრძალვაზე და ა.შ. რაღაცა ომის და მშვიდობის თემით სპეკულირება… და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ ოპოზიციურ პარტიებს და რა თქმა უნდა ამომრჩევლებს უნდა განაწყობდეს სწორად მაქსიმალურად გააერთიანონ თავიანთი ძალები იმისათვის, რომ ეს პროცესი ცვლილებებით დასრულდეს ოქტომბერში.

შესაბამისად მეც და ჩვენს პარტიასაც ,,ევროპულ საქართველოს” იმ ლიდერებს, ვინც დარჩნენ, განსაკუთრებით ეს არის თითქმის სრული შემადგენლობა ჩვენი რეგიონალური წარმომადგენლების და აქტივის, ძალიან მკაფიოდ ჰქონდათ ჩამოყალიბებული ამოცანა, რომ ჩვენ მითუმეტეს ამ გაყოფის შემდეგ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავით კოალიციაში რომელიმე კონფიგურაციასთან, რომელიც ჩამოყალიბდა. ჩვენ საერთოდ ვხედავდით ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს, რომ პარტიები ერთმანეთს უხალოვდებოდნენ, ინდივიდები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები თუ ის ადამიანები, რომლებიც ადრე არ ყოფილან პოლიტიკაში, დღეს იჩენენ ინტერესს სწორედ მომავლის გამო. იმის გამო, რომ კრიტიკული მომენტია და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ამ არჩევნების შემდეგ, რა გზით ივლის ჩვენი ქვეყანა – ივლის დასავლული ცივილიზებული ინტეგრაციის გზით ცივილიზებურ სამყაროსთან თუ უნდა დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროებში და მუდმივად უნდა ვიყოთ რაღაცა შიშისა და სხვადასხვა კატაკლიზმების მოლოდინში.

იმიტომ, რომ რუსეთთან ახლოს ყოფნა და მათი გავლენის სფეროებში ყოფნა, ამას ნამდვილად ამას არ მოუტანია არცერთი ასეთი ქვეყნისთვის სიკეთე და მათ შორის, ჩვენ ვხედავთ რა მდგომარეობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის მუდმივი მცდელობაა ლეგიტიმაცია მოახდინოს ამ ოკუპაციისა და ანექსიის. ისინი ვერ ვითარდებიან და მათი ერთადერთი მომავალი, ჩემი აზრით, სწორედ საქართველოსთანაა, რომელიც იქნება ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი.

შესაბამისად, ეს იმპერატივი, რაც გვქოდა ჩვენ, რომ მოგვენახა საერთო ენა და ჩვენი ხმების დაკარგვა არ ყოფილიყო რისკის ქვეშ. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები სხვადასხვა კონფიგურაციასთან, სხვადასხვა ცენტრთან. სულ არის ასეთი ორი კიდევ, სულ სამი იყო და ჩვენ გვქონდა ყველასთან კონსულტაციები.

საბოლოო ჯამში მაინც ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილება და მეტი ღიაობა ჰქონდა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, სადაც არის ,,ნაციონალური მოძრაობა”, ,,სტრატეგია აღმაშენებლი” – ამ კოალიციას და უამრავი რამ არის და ყველაზე მთავარი, რაც არის სწორედ საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროატლანტიკური ორიენტაცია, რაც ჩვენ ზოგადად გვაერთიანებს, მაგრამ იგივე ვთქვათ, წარსულიდან გამომდინარე და იმ გამოცდილებიდან, რომელიც გვქონია ჩვენ ყველას ერთად, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამ ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყო. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია თუმცა, ამ წლებში იყო ასევე იყო უთანხმოებიებიც და შესაბამისად, თავის დროზე ამიტომაც მოხდა რაღაც ცალ-ცალკე გზით სვლა.

მაგრამ დღეს, ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ვფიქრობთ,რომ მართლაც არის რაღაცა ერთად დგომის დრო და როგორც გითხარით, ამიტომ პარტიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სწორედ კოალიციასთან ,,ერთიანობასთან” გვქონოდა ჩვენ საარჩევნოდ ასეთი ფაქტიური ბლოკი. იმიტომ, რომ დღეს ოფიციალურად ხელისუფლებას აკრძალული აქვს პარტიებს შორის ბლოკების ჩამოყალიბება.

ერთი ფაქტორიც არის, რომელსაც ხაზს გავუსმვამდი ჩვენ ორივე პარტია ამ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი. ეს არის მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩვენთვის იმიტომ, რომ ერთი პოლიტიკური ოჯახის ევროპული ოჯახის წევრები ბუნებრივია უნდა თანამშრომლობდნენ აქტიურად. ეს ევროპის სახალხო პარტიის მუდმივი მოთხოვნაც არის და ეს არ გულისხმობს იმას, რომ რაღაც მიდგომებში განსხვავებები არ არსებობდეს, მაგრამ არის ფუნდამენტური საკითხები რაც ეხება ქვეყანაში ვთქვათ კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემას, გამართულ პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემას, დემოკრატიის განვითარებას, თავისუფალი არჩევნების, ადამიანის უფლებების და ა.შ. საკითხებში ჩვენ ამ ღირებულებებს ვიზიარებთ, რაც არის სწორედ ყველაზე მაღალი ევროპული ღირებულებები და აქ ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და არც საკამათო არაფერი არ არის.

ამიტომ საკითხების, უფრო სწორად ამ კომპონენტების ერთობრიობამ, ვფიქრობ ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ კოალიციის წევრები ვყოფილიყავით.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული