პარასკევი, მაისი 3, 2024

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!”

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასების პარალელურად წლების წინ მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს:

ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!

ახლა, რაც დღეს ჩვენს ქუჩებში, სტუდენტურ აუდიტორიებში, ოჯახებში და ტვინებში ხდება, წარმოადგენს ტექტონურ ძვრებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს.

პრაქტიკულად, ჩვენ ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის მოწმენი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მზადდებოდა, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ. თუმცა, მანამდეც ნათელი იყო, რომ რუსეთისგან დისტანცირება გარდაუვლად მოხდებოდა.

მინდა გავიხსენო ერთი ისტორია:
1997 წელს, ქართველი საბჭოთა დროის ინტელიგენციისა და რუსული ინტელიგენციის მონაწილეობით, ვაჟა ლორთქიფანიძემ თელავში სუფრა-კონფერენცია მოაწყო. ზურაბ ჟვანიას დაჟინებული მოთხოვნით ამ კონფერენციაზე მეც ჩავედი. გამოსვლები ყველა ერთი ტიპის იყო – “რუსეთი და საქართველო ძალიან ახლობლები არიან, ბევრი კარგი რამ აკავშირებთ. უამრავი ქართველი რუსეთში მუშაობს, რომელთა გადმორიცხული ფულით საქართველო საზრდოობს. აფხაზეთი და ცხინვალი უბრალოდ გამონაკლისი ეპიზოდები იყო, რომელიც უნდა გადავლახოთ და აღვადგინოთ ძველი სიახლოვე“.

ყველაფერი ორგანიზატორების სცენარით მიდიოდა, სანამ სიტყვა მე არ ავიღე. უაქცენტო რუსულით ჩემი გამოსვლის ძირითადი სულისკვეთება იყო შემდეგი – რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, არამედ იყო დამპყრობელი და აფხაზეთი სრულიადაც არ იყო შემთხვევითი. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა თავს დისკრიმინირებულად გრძნობს და უახლოეს პერიოდში გადავა ევროპაში და ამერიკაში, ან დაბრუნდება საქართველოში.
ქართველები სულ უფრო მოწყდებიან რუსულ საინფორმაციო სივრცეს, ქართველები სულ უფრო მეტად ამჯობინებენ ევროპაში მოგზაურობას, ვიდრე რუსეთში ფრენას, ხოლო ქართული ეკონომიკა თანდათან გადაერთვება ევროპაზე და თურქეთზე. რაც შეეხება კულტურას, ის პირდაპირ გავა მსოფლიო დონეზე და სულაც არ დასჭირდება რუსეთის ჩამორჩენილი კულტურის შუამავლობა.

ჩემი გამოსვლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, აშკარად ყველაფერი გავუფუჭე ლორთქიფანიძეს და თბილისიდან სასწრაფოდ თვითმფრინავი იაკ-40 გამოაგზავნეს დედაქალაქში ჩემი და ჟვანიას დასაბრუნებლად.

სინამდვილეში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს რუსეთი ქართველი კრიმინალების (ძირითადად კანონიერი ქურდების) ჩვენი შიდა კორუფციის და არსებული კონფლიქტების მეშვეობით აკონტროლებდა. “ვარდების რევოლუციამ” მოსკოვს კრიმინალისა და კორუფციის სახით მინიმუმ ორი ბერკეტი წაართვა და ამიტომ რუსებმა კრიმინალები ოლიგარქებით ჩაანაცვლეს, ხოლო კონფლიქტის ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენეს – სრულმასშტაბიანი შემოჭრის სახით. ამ შემოჭრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გაძლო, დიდწილად გამოიწვია 2012 წელი, რაც იყო რუსული ჰიბრიდული ოპერაციის კულმინაცია, მაგრამ 2003-2012 წლებში მაინც ძალიან ბევრი რამ მოვასწარით. მას შემდეგ, რაც ჩემს ინაუგურაციაზე ევროპის დროშა ავწიეთ, საქართველოს რუსულენოვანი სივრციდან დაჩქარებული გამოყვანა დავიწყეთ, რუსული ცხოვრების გაუქმება, ანუ კრიმინალისა და კორუფციის განულება, განათლების გადაყვანა არარუსულ რელსებზე.

ივანიშვილმა სცადა ამ ყველაფრის შემობრუნება, მაგრამ დღეს უკვე დღესავით ნათელია, რომ მას ეს არ გამოუვიდა. ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა და პრინციპში ბოლო ათწლეულებში 1989 წლიდან მოყოლებული, ახალი თაობებიც გაუუცხოვდნენ რუსებს და გადაერთნენ ევროპაზე, ამიტომაც რუსებისთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას ქართველების რუსეთში მასობრივი მიწყდომა არ მოჰყვა.

ახლა პუტინის მიზანი დღესავით ნათელია: რომ საქართველოს კონტროლი შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბოლომდე დაიცლება ქართველებისგან. როდესაც ბათუმს ვაშენებდით, მე ვუშვებდი იმას, რომ როგორც დუბაიში, მოსახლეობის ნაწილი უცხოელებიც იქნებოდნენ, რომლებიც მუდმივად არ იქნებოდნენ ადგილზე და აი, ფულს კი ბლომად დახარჯავდნენ. მაგრამ დღეს რომ ვკითხულობ სოც. ქსელებში “გამარჯობათ, მე საშა ვარ ხაბაროვსკიდან, ჩამოვედი თუ არა ბათუმში მივხვდი, რომ ის ჩემი ქალაქია სამუდამოდ”, არ დაგიმალავთ, ამ დროს მწარედ ვნანობ, რომ ხელი მოვკიდე ბათუმის პროექტს.
ამიტომ ახალ ეროვნულ მოძრაობას ისევ ის საკითხი აქვს გადასაწყვეტი, რომელსაც ვწყვეტდით 1921, 1989, 2008 წლებში – საქართველოს ყოფნა-არყოფნის ამოცანა. რუსეთის გეგმა დღესავით ნათელია: ამ კანონით და არჩევნების გაყალბებით საქართველოს იზოლირება დასავლეთისგან, ქვეყნის მოსახლეობისგან დაცლა და მათი მაქსიმალურად რუსებით ჩანაცვლება.
ამისთვის რუსები მასობრივად დაგვაშინებენ ომით, რისი თავიც მათ უკრაინის გამო ნამდვილად არ აქვთ. უკრაინამ მიიღო უზარმაზარი რაოდენობის ამერიკული დახმარება. დიდი ალბათობით მალე ბრძოლაში ჩაერთვება საფრანგეთი და მსურველთა კოალიცია. ამიტომ რუსეთს გამარჯვების 1% შანსიც არ აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსები ერთდროულად ჩართულები არიან მოლდოვის არჩევნებში და ამდენი რესურსი მათ ოქტომბერში არ ექნებათ. ამიტომ ცდილობენ საქართველოში სიტუაცია ახლავე “მოაყომარონ”. უახლოეს დღეებში და კვირებში იქნება ბევრი პროვოკაცია და მთავარია მათი დროული აღკვეთა.

სხვა მხრივ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული