შაბათი, აპრილი 27, 2024

“იმედს გამოვთქვამთ, რომ დადებითად გადაწყდება ეს საკითხი” – ალექსი ნონიაძე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადებაზე

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც იმპორტირებული, დასაშლელი, მსუბუქი ავტომობილების გამარტივებული, შეღავათიანი ტარიფით განბაჟებას ეხება. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს ასოციაციის ინიციატივა, მაგრამ რადგან აღნიშნული საკითხი მხოლოდ საგადასახადო კოდექსს არ ეხება და გარემოს დაცვის საკითხებსაც მოიცავს, საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო პაკეტად მოსამზადებლად საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა.

თემასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ:

,,თუ პირს უნდა შემოიტანოს მანქანა იმ მიზნით, რომ შემდეგ დაშალოს – ამ წუთში უწევს, რომ შემოიყვანოს როგორც ჩვეულებრივმა მყიდველმა, საკუთარი მოხმარებისთვის დაარეგისტრიროს, გადაიხადოს აქციზის გადასახადი და შემდეგ დაშალოს. თუ იმისთვის უნდა, რომ ნაწილებად გაყიდოს, იგივე პროცედურა უნდა გაიაროს, განსხვავება არ არის. მაგალითად, მანქანა რომ გაჭრა და ,,ცხვირი” წამოიღო მხოლოდ, სადაც ძრავი და ყველა ნაწილია, იქ უკვე მარტო დღგ-ს იხდი, ანუ დღგ-ს იხდი და ,,დაშალე, კი ბატონო”.

გვთხოვენ, რომ თუ ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ეს [მანქანა] დასაშლელად გვინდა, რატომ ვკარგავთ დროს ამ რეგისტრაციებზე და რატომ ვიხდით აქციზის გადასახადს?!

ჩვენ ეს წინადადება გავუგზავნეთ სამინისტროებს. ეს არ არის მარტივი თემა იმ გაგებით, რომ მარტო გადასახადზე კი არ არის საუბარი, აქ გარემოს დაცვაა, იგივე – შსს-თან დაკავშირებული საკითხები. თუმცა, ჩვენ ეს წერილები რომ მოგვივიდა, წინააღმდეგები არ არიან. უბრალოდ, ითხოვენ გარკვეულ რეგულაციებს. თვითონ ეს კანონი, რაც არის შემოსული, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციებს არ ითვალისწინებს, სხვა კანონების დამატებაც სჭირდება.

ფინანსთა სამინისტროსთან გვქონდა საუბარი, რადგან სამინისტროებთან შესათანხმებელია და რთული პროცესია, მივმართავთ მათ, რომ წარმოადგინონ უკვე, რადგან წინააღმდეგი არ არიან და ეს ვარიანტი არ მოსწონთ, კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით. ასეთი წინადადება გვაქვს – იმუშაონ ამ საკითხზე და წარმოგვიდგინონ თავისი კანონპროექტი”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ

ასევე, თემასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გამოთქვა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, ალექსი ნონიაძემ:

,,აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე ასოციაციამ 2 წელი იმუშავა. გაიარა კონსულტაციები პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ბევრი სამუშაო ჩატარდა.

მივესალმებით, რომ ეს განიხილოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ.

ძალიან მნიშვნელოვან ბიზნესს ეხება საქმე. მოგეხსენებათ, ავტოიმპორტი და მეორადი ავტონაწილები რეექსპორტში პირველ ადგილს იკავებს ქვეყანაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ დადებითად გადაწყდება ეს საკითხი”, – განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული