სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი” – ანა კობახიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტია “სტრატეგია აღმაშენებლიდან”, ანა კობახიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნოლოგიურ პროცესსა და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე:

  • შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს ყველა მნიშვნელოვნად მიიჩნევს. როგორ შეაფასებდით საარჩევნო პროცესს, რა ცვლილებებია ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება გამოყოთ?

– 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ტექნოლოგიების თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც, რომ იმ 9 დათქმას შორის ერთ-ერთი არის საარჩევნო ცვლილებებისკენ მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს არ შევიტანთ საარჩევნო პროცესში და საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის და ძირეულ რეფორმას ჩაატარებს, მაშინ მიიჩნევა, რომ ამ 9 პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულებული არ იქნება და ასევე პრაქტიკაში ჩაითვლება თუ არა ეს პუნქტი შესრულებულად სწორედ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოკვეთს.

რაც შეეხება ტექნოლოგიების ნაწილში ცვლილებებს, ამას ჩვენ დადებითად ვაფასებთ და იცით თქვენ, ამას წლების განმავლობაში ვითხოვდით, რომ ადამიანური ჩარევებისგან გათავისუფლებულიყო საარჩევნო პროცესი, რაც ტექნოლოგიებით უნდა ჩანაცვლებულიყო. ხშირ შემთხვევაში გვახსოვს, სხვა ქვეყნების შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიები შევიდა პროცესში, ეს უბრალოდ დრომ მოიტანა, ჩვენ შემთხვევაში კი ფასი გადავიხადეთ ამის, როდესაც ძალიან რთული არჩევნები ჩავატარეთ 2020 წელს, რომელმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და ამის შემდეგ იძულებული გახდა ხელისუფლება, რომ ამ დათმობაზე წასულიყო და ტექნოლოგიებით გაეჯერებინა საარჩევნო კენჭისყრის დღის პროცესი.

უარყოფით მხარედ მივიჩნევ ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილში უამრავ ხარვეზს, რომელიც დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის – დამთავრებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა – შერჩევისა და დანიშვნის წესს ეხება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე ეს არის ის კითხვები, რომელიც ვენეციის კომისიამ დასვა თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხში. აქ პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოთიშა სრულიად და მმართველ პარტიას მისცა შესაძლებლობა აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე ისეთი ჩანაწერია, რომ გამოდის ერთ პარტიასაც შეუძლია აირჩიოს დამოუკიდებელი ორგანოს წევრები, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსესუსური წევრები და თავმჯდომარე არ გვეყოლება. ოლქის შემთხვევაში იცით, რომ არჩევა ხდება მხოლოდ იმ კანდიდატების, რომელიც მმართველ პარტიასა და ე.წ ნეიტრალურ წევრებს სურს, ხოლო უბნების შემთხვევაში კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია, რადგან განსაზღვრულია ადამიანთა წრე, რომელიც იქნება შერჩეული საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრებად: თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად, რადგან მათი სერთიფიცირება მოხდა და შესაბამისად, კიდევ უფრო დაავიწროვა ადამიანების შესაძლებლობა მოხვდნენ საუბნო – საარჩევნო კომისიაში.

ამიტომ, ამ ნაწილში ვთვლი, რომ ეს არის პრობლემური, რაც შეეხება ტექნოლოგიებს – ეს არის დიდი გამოწვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე დადებითად ვაფასებ, თუმცა გასატარებელი აქვს ძალიან დიდი სამუშაო იმისთვის, რომ ამომრჩევლის ინფორმირება მოხდეს ოქტომბრამდე და საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს კარგად.

 

  • თქვენ უკვე აღნიშნეთ, მაგრამ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საარჩევნო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეტანილმა კონკრეტულმა ცვლილებებმა, რასაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო?

– ვეტო დიდი ალბათობით დაიძლევა და ამის ილუზია არ მაქვს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე პრობლემურად დარჩება ის საკითხი, რომელიც კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, რომ პრეზიდენტს უნდა შეერჩია ცესკოს წევრები და თავმჯდომარე – ის მთლიანად გამოეთიშება ამ პროცესს. ანუ მმართველი პარტია, რომელიც უმრავლესობაშია, რომლის პარლამენტის თავმჯდომარე ახლა წარმოადგენს ,,ქართულ ოცნებას” ის იქნება შემრჩევ კომისიაში, შემდეგ ,,ქართული ოცნებავე” შეარჩევს და კენჭისყრაზე წარადგენს კანდიდატს და შესაძლებელი იქნება ასე მოხდეს არჩევა დამოუკიდებელი ორგანოს თავმჯდომარის და წევრების, რაც ვფიქრობ, რომ არის პრობლემური.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული