შაბათი, მაისი 18, 2024

“ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ პასუხობს, ხელისუფლება, რომელიც მოწყვეტილია ხალხს, ის არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას” – გიორგი ვაშაძე

“გამარჯვების კოალიცია” შეხვედრებს აგრძელებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რა დროსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს გამართულ მორიგ შეხვედრაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ საწვავის ფასზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იგი მერამდენე დღეა კონკრეტულ შეკითხვებს უსვამს მთავრობის მეთაურს, რაზეც პასუხები დღემდე არ გაუციათ:

,,მოგესალმებით აქ შეკრებილ ადამიანებს!

5 დღეა ერთ კითხვას ვუსვამთ ირაკლი კობახიძეს – სად მიდის ლიტრი საწვავიდან 1.50 ლარი?! დარწმუნებული ვარ ახლა გვიყურებს პირდაპირ ეთერში ისევე, როგორც მთელი საქართველო გვიყურებს ახლა და კიდევ ერთხელ განმეორებით ვუსვამ კითხვას – რამდენ ხანს აპირებ დაემალო კითხვას, სად მიდის ლიტრი საწვავიდან 1.50?! უნდა გამოხვიდე და ამას პასუხი გასცე, როცა გქვია პრემიერ-მინისტრი, როცა გინდა რომ დიდი კაცი იყო ამ ქვეყანაში, ერთხელ მაინც ხომ უნდა გასცე იმ კითხვას პასუხი, რაც საზოგადოებას აწუხებს?!

მე მინდა რამდენიმე ჩვენი მოქალაქის მონაწერი წაგიკითხოთ, როცა ფასებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ.
ბატონი ზუკა რთველაშვილი, რომელიც ფეისბუქზე მწერს: “ნომერ პირველი პრობლემა ჩემი აზრით ფასებია საქართველოში, ჩემი მეგობარი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ცოტახნით, იქეთ ცხოვრობს მთელი ოჯახით, კარგი ცხოვრება რომ არაა აქ, მაგიტომ. მაღაზიაში, რომ შევედით სამი-ოთხჯერ დიდი ფასებია აქ და ყველაზე დიდი პრობლემა ამ ამბავში ისაა, რომ ფასები იმატებს და ანაზღაურება იგივე რჩება ქვეყანაში“.

იგივე მინდა წაგიკითხოთ დიანა ბირკაიას მონაწერი, სხვათაშორის ლევან [ლევან ხაბეიშვილს მიმართავს] ეს ფასები შენ, რომ გამოაქვეყნე ამის შემდგომ მოგვწერა ქალბატონმა და ცოტა გაგვაკრიტიკა. უფრო ნაკლები ღირდა მიშას დროს რძეც, ზეთიც, აქ კიდევ უფრო ძვირი ფასებია. მაგ დროს ვმუშაობდი მოლარედ მარკეტშიო და ვიცოდი ზეპირად ფასები: სულგუნი ღირდა 7 ლარი, იმერული – 4 ლარი, მაქსიმუმ 5 ლარი, ზეთი – 1.50, პური – 0.60 თეთრი.

აი ამ რეალობაში ვცხოვრობდით და მინდა ირაკლი კობახიძეს და ივანიშვილს მათი მხარდამჭერის მონაწერიც მინდა ვუთხრა, ყოფილი მხარდამჭერის ალბათ, ვიმედოვნებ. ქეთინო თოთაძე – ,,არ ვარ ნაცი, 6 სულიანი ოჯახი მყავს, ყველი, რძე, ხორცი, ქარაქი, ხილი ყველაფერი გაძვირდა და ბავშვებს რა უნდა ვაჭამოთ არ ვიცით! კიდევ ბევრი პროდუქტია, რასაც ვერ ჩამოვთვლი არადა ,,ოცნებას’’ მივეცი ხმა, ნელ-ნელა ვკვდებით ადამიანები, ვისაც არ გვაქვს იმდენი, რომ თვიდან-თვემდე ვიარსებოთ’’.

ანუ ნახეთ რაზეა საუბარი – მთავრობა გვეუბნება, რომ ეს ყოფილა ძალით შემოტანილი საკითხი და ის რაზეც თვითონ საუბრობენ ის ყოფილა ნამდვილი პრობლემა.
დიახ, ეს არის პრობლემა – შემოსავლები მცირდება – ფასები იზრდება, სამუშაო ადგილები არ არის, ვინც მუშაობს 300-500-600 ლარი აქვს ხელფასი – ეგ სამუშაო ადგილად ვერ ჩაითვლება და გაზრდილი ფასების პირობებში, როცა ადამიანი შედის სუპერმარკეტში თუ მაღაზიაში, საყიდლად და ბაზარში როცა მიდის, ყოველ შემდგომ დღეს მისი შემოსავალი უფრო და უფრო ნაკლებია. ყოველ შემდგომ დღეს პენსიონერის პენსია უფრო ნაკლებს ყიდულობს. ტაქსის მძღოლებს შევხვდით კატასტროფულ მდგომარეობაში არიან: საწვავის ფასი კოლოსალური, აქეთ კიდევ ჯარიმები დაამატეს, იქეთ კიდევ ლიცენზიები მოუმატეს, ასევე კიდევ რაღაც შემოწმებები დაუმატეს, ტაქსით რომ დადის იცავს თუ არა ლიცენზიას, ხალხი წელიწადში ორჯერ აკეთებს ტექდათვალიერებას.

მე კითხვას ვუსვამ ღარიბაშვილს, ივანიშვილის პარტიას, კობახიძეს ყველას აბსოლუტურად – როგორ უნდა იცხოვრონ ამ ადამიანებმა?! აგერ ჩემს გვერდით, ერთ-ერთი ღონისძიების დროს, იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, თუ არ ვცდები ბატონი თემური და მეუბნება, რომ ორჯერ გამომიწერეს 200 ლარიანი ჯარიმაო 2 დღის შუალედში, მივედი და ვთხოვე, რომ არ მაქვს 200 ლარი, იქნებ გადამივადოთ, იქნებ რამე გააკეთოთ და იცით რა უპასუხა წარმომადგენელმა? გაყიდე მერე მანქანა და გადაიხადეო. ტაქსის მძღოლმა მანქანა, რომ გაყიდოს, ოჯახი რითი უნდა არჩინოს?! აი ამ რეალობაში ცხოვრობს საქართველო და საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი!

კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, აქედან კითხვა დავუსვათ ივანიშვილის პარტიის წევრებს, პირადად ივანიშვილს, რომ გამოჩნდა და დაიმალა, მიიმალა ამ ქვეყნიდან წელს კიდევ ერთხელ გამდიდრებულა, ხალხი რომ კიდევ უფრო გაღარიბდა – სინდისი არ არის ხალხო?! გამოდით და ამ კითხვებს გაეცით პასუხი, რამდენ ხანს უნდა დაემალოთ იმ ნამდვილ პრობლემებს, რაც რეალურად ხალხს აწუხებს?! ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ პასუხობს, ხელისუფლება, რომელიც მოწყვეტილია ხალხს, ის არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული