ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმით გავრცელებულ ინტერვიუში საუბრობს მმართველ პარტიაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ღიად დაბრუნდა პოლიტიკაში და საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა:
,,ფაქტია, რომ დღეს ,,ოცნების“ ნაბიჯები და ქმედებები ლოგიკურ ანალიზს აღარ ექვემდებარება. იმიტომ, რომ ისიც ფაქტია, ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისგან, ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერანაირი პოზიტივი ან დამატებითი რესურსი ვერ შეიძინა.
მაგალითად, ამ ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხები; კიდევ უფრო მეტი შიში გააჩინა, ვიდრე იმედები.
შესაბამისად, რაც მივიღეთ საზოგადოებამ და ,,ოცნებამ“, – ეს არის სრულად გაშიშვლებული, დეგრადირებული, დასუსტებული ,,ქართული ოცნების“ სახე, რომლის დანახვაც, მერწმუნეთ, იმ ადამაინებს, რომლებიც წლებია მმართველ პარტიას ხმას აძლევენ, არ გაუხარდებოდათ.
,,ოცნება“ აბსოლუტურად გვარწმუნებდა, რომ მათ აქვთ წარმოუდგენლად მაღალი, უპრეცედენტო – 60%-მდე მხარდაჭერა. მათი გადმოსახედიდან ნარატივი იყო, რომ მათ დაიცვეს ქვეყანა ომისგან, ,,ომის პარტიისგან“ და მშვიდობა დაამყარეს. ასევე იყო ძალიან ძლიერი, ნაწილობრივ მართალი, ასე ვთქვათ, ხაზი ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე, იყო კანდიდატის სტატუსი, აბსოლუტურად ღია განცხადებები, რომ ,,ოცნებას“ არ სჭირდება ისეთი მძიმე პოლიტიკოსების შემოყვანა ველზე, როგორიც არის ივანიშვილი.
ეს ყველაფერი ხდებოდა ბოლო დღეებში. ამის შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, პარტიულ ყრილობაზე ის, რაც გახდა ცხადი, რომ ბიძინა ივანიშვილი ღიად შემოვიდა პოლიტიკაში…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე