ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ის, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტში ჩაიდინა, არის სისხლის სამართლის დანაშაული – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ციხის საკანში მსჯავრდებულისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის შეხვედრის ვიდეომასალის წარდგენას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ამ კონკრეტულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება იქნება, პერსონალურად თეა წულუკიანთან მიმართებაში.

„გუშინ რაც თეა წულუკიანმა გააკეთა, ეს არის დანაშაული. ნორმალურ ქვეყანაში იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა ხელისუფლება, სადაც კანონი აღარ კანონობს და სადაც ქურდული სამყარო მართავს ციხეებს, ხოლო ქურდული სამყაროს მიერ ციხეების მართვა უნდათ გადაფარონ კანონდარღვევებით და ვიდეოების გასაჯაროებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქურდულ სამყაროს ამ ყველაფრის შესაძლებლობას იმიტომ აძლევენ, რომ არჩევნებში სჭირდებათ კრიმინალები. “ქართული ოცნება” კრიმინალებზე და კრიმინალურ ავტორიტეტებზე დგას და ისინი ქურდული სამყაროს მენტალიტეტებით მართავენ დღეს ქვეყანას.

2020 წლის ოქტომბერის შემდეგ ამ კონკრეტულ ფაქტზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, პერსონალურად თეა წულუკიანთან მიმართებაში, რადგან მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და უცხოელი მოსამართლეებისგან შემდგარი სასამართლო თეა წულუკიანს დარწმუნებული ვარ მიუსჯის კონკრეტულ სასჯელს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული