პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებული კერძო ვიზიტის დროს გაწეულ დანახარჯებზე, მათ შორის, ჩარტერული რეისით მგზავრობის საკითხზე და აცხადებს, რომ მის მიერ გაწეული ხარჯები იქნება დეკლარირებული და მოსახლეობისთვის ცნობილი:
,,თქვენ გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა. ეს არ იყო დანაშაული მაშინ, როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა მისთვის იმ საკითხების მოგვარება, რომელიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა.
დღეს რა ვითარება გვაქვს, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისათვის. ეს არის რეალობა.
რაც შეეხება თვითონ ხარჯებს – ეს იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს დღეს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს – წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს, არცერთი თეთრი საკუთარი პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება დეკლარაციაში ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


