spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს "საკრველითა სიყვარულისათა"...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს:

🔸 უნეტარესო როსტისლავ, პრეშოვის მთავარეპისკოპოსო, მიტროპოლიტო ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა,

🔸 ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ბატონო დედაქალაქის მერო,

ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო,
ღირსნო და პატიოსანნო მამანო, დედანო,
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

ძვირფასო სტუმრებო,

🔸 „აჰა, ესერა, რაიმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა ერთად?“ (ფს. 132, 1), – უგალობს უფალს წმინდა დავით მეფსალმუნე და ჩვენც სწორედ ამ ძმური ერთობითა და სიყვარულით შევიკრიბეთ დღეს აქ, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობითა და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი.

🔸 განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს. გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩამობრძანებისათვის, თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობისა და ქრისტესმიერი სიყვარულისა. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობითა და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.

🔸 დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისათვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე. მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცესა და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს.

🔸 განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებასა და ბერ-მონაზვნებს ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალასა და სიმტკიცეს.

🔸 თითქმის ორი ათასი წელი გავიდა, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ ქრისტეს რწმენის საქადაგებლად. უფლის კვართის მფლობელმა ერმა გულის კარი გაუღო მაცხოვრის ცოცხალ სიტყვას და წმინდა მოციქულების – ანდრიასა და სვიმონ კანანელის – ქადაგებით პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი, მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების მთავარი საფუძველი.

🔸 წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტესმიერი ერთობით ვიდღესასწაულოთ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა.

🔸 სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც თავის დროზე ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ერში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა.

🔸 ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს „მცირე ეკლესიად“, იმ სულიერ სივრცედ, სადაც, წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. სწორედ ასეთი „მცირე ეკლესიები“ ქმნიან საღვთო მადლით გაერთიანებულ საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, ასეთ დღეს თქვენი აქ ჩამობრძანებით განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებულია უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე.

🔸 დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისათვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.

🔸 ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა იწვევს.

🔸 მადლობა ღმერთს და თითოეულ აქ მყოფს, რომ დღეს აქ შეკრებით, ერთობითა და სიყვარულით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას.

🔸 დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს „საკრველითა სიყვარულისათა“ ერთურთის მიმართ, რათა ჩვენზე აღსრულდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (ინ. 13, 35), ამინ!

⛪️ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
➡️ 17 მაისი, 2026 წელი

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...