ხუთშაბათი, მაისი 9, 2024

“მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ”

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენცია გამართეს. საკუთარ შეფასებებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე:

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენს არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას.

შარშან, რა თქმა უნდა, როდესაც მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, მე ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან ჩვენ, კარგად ვიცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. მე ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ, მოლდოვის მიმართ, მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით, გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანსს, თუ, ასე ვთქვათ, სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო.

ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელიწადში და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა იგივე მედიათავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით სოციალური პოლიტიკა, თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მით უმეტეს, და განსაკუთრებით მინდა მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს დაუფასებს და ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას, მთლიანად ყველას იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული