სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“ნამდვილი ქართული აბრეშუმის გზა… ჩინეთის პრეზიდენტმაც აღიარა უკვე, რომ კაცობრიობის კეთილდღეობის საკითხები საქართველოს გარეშე ვეღარ გადაწყდება” – ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი ზურაბ მაღრაძე ისტორიულ ფაქტებს მიმოიხილავს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს “აბრეშუმის გზასთან” დაკავშირებით:

ნამდვილი ქართული აბრეშუმის გზა…

ცნობილია, რომ კოლხური თეთრი აღმოჩენილია ტრაპიზონში, სოჭში, ყირიმში… ძველი ბერძენი მეცნიერის ტ. კაფანტარისის მიხედვით – “კოლხებს, რომელნიც მაშინ კრეტაზე სახლობდნენ შეუძლიათ არა მხოლოდ იოცნებონ, არამედ გაითავისონ ის, რომ ისინი ბატონობდნენ ხმელთაშუა ზღვაზე და იყვნენ იმდროინდელი მსოფლიოს ჰეგემონები” (ბერძნული გაზეთი ვიმა საიენსი. 18.01.2009 წ.).

დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც დადებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 45 ქვეყანასთან. აზიიდან ევროპამდე სამი მილსადენი, სარკინიგზო მაგისტრალი, ახალი ავტობანის და შავი ზღვის მწვანე სადენის პროექტები… ცალკეა კონტინენტური პლატფორმები TRACECA და CAREC. ცალკეა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს აეროპორტებთან ფრენებს აწინაურებენ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის სრული, ბევრი სიახლე ქვეყანას წინ ელოდება.

ერთადერთი, რაც საქართველოს მხრიდან არის გასაკეთებელი, ეს არის საბაზრო ეკონომიკის სრული წესრიგის შემოღება, რასაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ბირჟები ჭირდება.

ქართულ საინფორმაციო ველში ხშირად შევხვდებით ინფორმაციას შემდეგი სათაურით – როგორ გაიზარდა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე. ინფორმაციის გაცნობისას, მხოლოდ ორი კომპანიის აქციების შესახებ ვგებულობთ სიახლეს და ამის იქით სხვა არაფერი ხდება წლების მანძილზე. ახლა ერთი წუთით შევატრიალოთ ასეთი სტატიის სათაური და წარმოვიდგინოთ იგი ასეთნაირად – როგორ შეიცვალა ევროპული ან არაბული კომპანიების აქციების ფასები თბილისის ბირჟაზე?!

თქვენ ასეთ სტატიას ვერ იპოვით.

ნამდვილი აბრეშუმის გზა სწორედ იმას ადგენს, თუ ვინ უნდა იყოს მსოფლიოს ჰეგემონი, ვინ უნდა ბატონობდეს ხმელთაშუა ზღვაზე, რომელი ქვეყნის ვალუტა და რომელ ბირჟაზე კოტირებული ფასიანი ქაღალდები უნდა აწესრიგებდეს აბრეშუმის გზას!

ყარსში, ტრაპიზონში, სამსუნში, სინოპში, იზმირში, ოდესაში, ვარნაში, პალერმოში სწორედ ქართველები უნდა ფლობდნენ სასტუმროების, რესტორნების, ბანკების, ბირჟების, ტერმინალების და სატრანზიტო სიმძლავრეების აქციებს. ეს რომ მოხდეს, ამისთვის არის საჭირო საქართველოში ფასიანი ქაღალდების კომისიის აღდგენა და სახელმწიფოსგან და ბანკებისგან დამოუკიდებელი საფონდო, სასაქონლო, სავალუტო და სპეციალიზებული ბირჟების შექმნა.

არავის დაავიწყდეს, რომ ქრისტეშობამდე V საუკუნეში მცირე აზიიდან მოვიდნენ მესხები. მათ დარიალის კარი ჩაკეტეს და პონტოს ზღვიდან გურგანამდე აბრეშუმის გზის ქარავნებს ქარვასლები მოუწყეს.

ორი საუკუნეა საქართველოში საბაზრო ეკონომიკის წესრიგს ბლოკავს მოსკოვი. მან ყველაზე უკეთ იცის, რომ ასეთ წესრიგში მისი იმპერია ვეღარ იარსებებს. დღეიდან კი ის ვეღარაფერს დაბლოკავს, ის ვეღარაფერს შეუშლის ხელს. მას შეუძლია მხოლოდ საკუთარ თავს შეუშალოს ხელი, ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას. ამერიკელი დემოკრატების გლობალურმა პოლიტიკამ შეცვალა გეოპოლიტიკური არქიტექტურა. ჩინეთის პრეზიდენტმაც აღიარა უკვე, რომ კაცობრიობის კეთილდღეობის საკითხები საქართველოს გარეშე ვეღარ გადაწყდება.

ავღანეთშიც საუკეთესოდ იციან, რომ ძვირფასი ლურჯი ქვებით ჰერათის პროვინციიდან ბულგარეთში ქართველების გარეშე ვერ ივაჭრებენ.

მაგრამ თუ ქართველებიც იქნებიან ვარნას პორტის არეალში ფასიანი ქაღალდების მფლობელები, მაშინ ვაჭრობა საუკეთესოდ შედგება. იმიტომ, რომ თალიბები დღესაც მოწიწებით ეპყრობიან გურჯი გიორგის საფლავს და აია-სოფიაში კი დღემდე არსებობს კონსტანტინე ჭილაშვილის გამზირი. ამ ყველაფერს ლაპის ლაზულის დერეფანი ჰქვია. თქვენ გეტყვიან რომ ქართველები არ არიან ბუნებით ვაჭრები. დიახ მასეა, ქართველები ნამდვილად არ ვართ დახლის ვაჭრები. ჩვენ კონტინენტური ვაჭრობის მეკარიბჭე ერი ვართ და ამ წესრიგს უნდა ვმართავდეთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლიანი წესრიგით.

ჩვენთვის ცალკეა სამხრეთ-დასავლეთი დერეფნის გამოწვევა, ავსტრალიიდან და ინდოეთიდან ევროპამდე. ცალკეა შუა დერეფანი ვიშეგრადის და ლევანტის ქვეყნებიდან ცენტრალურ აზიამდე. ცალკეა ვიკინგი მარშრუტი – ბალტიის ქვეყნებიდან გალფის ქვეყნებამდე. ცალკე ამოცანაა საქართველოსთვის სასაქონლო და საფონდო კაპიტალის შეპირაპირება ციურიხიდან სინგაპურამდე.

იბერია რომ გაბრწყინდება და ემიგრაციაში ჯობია, ეს მახათიანი კაცების საჭორაო თემაა. ჩვენში ჭორაობა უნდა გაგრძელდეს ბირჟების თემაზე, აბსოლუტურად ყველგან – სამსახურშიც, რესტორანშიც, ბიბლიოთეკაშიც და ბაზარშიც. ამის შემდეგ მოექცევა თავის ტყავში პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც და ქვეყანაც. ამის შემდეგ აღდგება ნამდვილი ქართული აბრეშუმის გზა.

დანარჩენი შენზეა დამოკიდებული, რა თემებზე ისაუბრებ დღეიდან“, – აღნიშნავს ზურაბ მაღრაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული