სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში: რა გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს ოფიციალურ პეკინს საქართველოში?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკურ-ეკონომიკური ამბიციები შორს მიმავალია. ოფიციალური პეკინის პოლიტიკა გააძლიეროს ჩინეთის საერთაშორისო გავლენა მსოფლიოზე, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, არახალია. მსოფლიოში გაყიდული თითქმის ყოველი მეხუთე ნივთი ჩინურია. ჩინელები ყველაფერს აწარმოებენ, ყოველდღიური მოხმარების საგნებიდან დაწყებული მაღალტექნოლოგიური პროდუქციით დამთავრებული.

არსებობს სამი ძირითადი სატრანსპორტო არტერია, რომლითაც ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოს საკუთარი წარმოების პროდუქციით ამარაგებს.

„ჩრდილოეთის დერეფანი“ რუსეთის ტერიტორიაზე გადის და ჩინეთს ევროკავშირის ქვეყნებთან აკავშირებს. მისი ძირითადი უპირატესობა ის არის, რომ გზის დიდი ნაწილი ერთი სახელმწიფოს (რუსეთის) ტერიტორიაზე გადის და შესაბამისად საზღვარზე გავლის მოცდენები ნაკლებია, მაგრამ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ეკონომიკურმა სანქციებმა ამ მიმართულებას ჩინური პროდუქციის გადაზიდვას მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა, რაც ერთის მხრივ ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებით არის გამოწვეული, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიებზე საომარი ოპერაციების წარმოების გამო ტვირთი განადგურებისგან დაზღვეული არ არის.

მეორე მარშრუტი არის საზღვაო, ე.წ. „სამხრეთის მიმართულება“, რომელიც წყნარ და ინდოეთის ოკეანეებს ფარავს. აღნიშნული სატრანსპორტო დერეფანი საერთაშორისო წყლებში გადის, ამის გამო სახმელეთო საზღვრის კვეთის თვალსაზრისითაც საბაჟო პროცედურები, შესაბამისად, ნაკლებია. ნაკლებია ტრანსპორტირების თვითღირებულებაც, რადგან საზღვაო ტრანსპორტი გადაადგილების მთელ მარშრუტზე არ მოითხოვს სპეციფიური ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომსახურებას. მაგრამ პლიუსების მიუხედავად, ამ მიმართულების მთელ მარშრუტზე ჩინეთს პრობლემები მაინც გააჩნია. პირველი ეს ტაივანის გადაუჭრელი საკითხია, რომლის მახლობლადაც გადის ვიწრო საზღვაო სანაოსნო ხაზი. ოფიციალური პეკინის პოლიტიკურმა უთანხმოებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთის გემებისთვის აღნიშნული მარშრუტის დაბლოკვა შეიძლება გამოიწვიოს.
ტაივანის საზღვაო მარშრუტის ალტერნატივა იაპონიის ტერიტორიული წყლები და საზღვაო აკვატორია, რომელსაც ოფიციალური ტოკიო აკონტროლებს. ამ უკანასკნელთან, როგორც თავის ისტორიულ მტერთან, ჩინეთს კარგი ურთიერთობა არ აქვს, ამიტომ ეს მარშრუტიც არ არის ბოლომდე საიმედო. ტაივანის „პრობლემაც“, რომ გადაწყვიტოს პეკინმა, დანარჩენი საზღვაო მარშრუტი წყნარ ოკეანეში გადის, სადაც მრავლად არის პატარა კუნძულები მიმობნეული. ამ წყლებში აშშ-ს საზღვაო ძალები საკმაოდ სოლიდურად არიან წარმოდგენილი. პეკინისა და ვაშინგტონის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ეს პატარა კუნძულები ჩინური კომერციული და სამხედრო გემებისთვის სერიოზული ფორტპოსტები იქნება. უკეთესი მდგომარეობა არ გააჩნია ჩინეთს ინდოეთის ოკეანეშიც, სადაც მისი კონკურენტის, ინდოეთის გავლენები სერიოზული და ოფიციალური პეკინის მიმართ წინააღმდეგობრივია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩინეთი სერიოზულ კაპიტალს დებს აფრიკის კონტინენტში და ერთ-ერთი ამის მთავარი მიზეზი ინდოეთის ოკეანეში ფეხის მოკიდებაა.

მესამე მარშრუტი, „შუა დერეფანია“, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით შავი ზღვით უკავშირდება ევროპას, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებს. პრაქტიკულად ამ სატრანსპორტო არტერიის განვითარებით ჩინეთი ძველი „აბრეშუმის გზის“ აღდგენას ცდილობს. მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში რუსეთის როლი მცირდება ოფიციალური პეკინისთვის მომგებიანია ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების საკუთარ ორბიტაზე აყვანა. პირველი იმიტომ, რომ „შუა დერეფანი“ პრაქტიკულად რეალური უსაფრთხო ალტერნატივაა პირველი ორის. „აბრეშუმის გზის“ აღდგენით ჩინეთის საქონელი უსაფრთხო სახმელეთო კორიდორს მიიღებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც დამოკიდებული არ იქნება აშშ-ს საზღვაო ძალების კეთილ ნებაზე და თავს აარიდებს ისეთ არასტაბილურ პარტნიორს, როგორიც პუტინის რუსეთია.
ადვილი წარმოსადგენია რა ინტერესი ამოძრავებდა პეკინს შავ ზღვაში, როცა საქართველოს მთავრობა ოფიციალურად მიიწვია და პომპეზური დახვედრა მოუწყო. ამ ვიზიტის შედეგად უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩინეთის გავლენა კავკასიის რეგიონზე გაიზრდება, რაშიც აშშ-ს მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონში მეორე გავლენიანი მოთამაშე (თურქეთი) კოლექტიური დასავლეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, ჩინეთის გააქტიურება საქართველოში ოფიციალური ვაშინგტონისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების გავლენების შემცირებას გამოიწვევს. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ნაბიჯმა საქართველოს?

ვიცით, რომ ჩინეთის ინტერესი მხოლოდ ეკონომიურია. დასავლეთისგან განსხვავებით მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს პარტნიორ ქვეყანებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ოფიციალური პეკინი ამ ეტაპზე არ არის დაინტერესებული სამხედრო კოალიციების შექმნითაც, ისეთის მაგალითად, როგორიც არის „ნატო“, ამიტომ ჩინეთისაგან უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენში დემოკრატიული სივრცის განვითარებას ხელს შეუწყობენ ან სამხედო დახმარებას გამოგვიყოფენ. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადებენ (მაგალითად, ანაკლიის პორტის ან/და ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა) აუცილებლად საკუთარ იაფ მუშა ხელს მოაყოლებენ. მშენებლობაში გამოყენებული ნედლეულიც ჩინური იქნება. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს ოფიციალური პეკინი, სადაც და რაშიც ფულს დებს, ცდილობს ამით ისევ საკუთარი ეკონომიკა ამუშავოს, ხოლო ადგილობრივი რესურსები იაფად ან მუქთად გამოიყენოს და ადგილობრივ ეკონომიკას ნაკლები სარგებელი ანახოს.

ჩნდება კონკრეტული კითხვები საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ხომ არ დაშორდა საკუთარ ევროპულ მომავალს? წინა სტატიაში ვწერდით, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება ორი ალტერნატივიდან ერთის არჩევის შესაძლებლობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორობას თუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ექნება მჭიდრო კონტაქტი. როგორც ვხედავთ საქართველოს ხელისუფლება არ დაელოდა უკრაინაში მოვლენების განვითარებას და ეს არჩევანი უკვე გააკეთა.

ევროპარლამენტიდან მოვისმინეთ კრიტიკული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით საქართველო უფრო შორდება მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებას და უახლოვდება ავტორიტარული სახელმწიფოების რიგებს. ჩინეთთან ურთიერთობას საქართველოსთვის უდავოდ აქვს თავისი პლიუსები, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ გეოპოლიტიკურმა თამაშებმა ძალიან არ გაგვიტაცონ და შემთხვევით, დაუცველებმა აღმოსავლელი ვეფხვის ხახაში არ ამოვყოთ თავი.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული