შაბათი, მაისი 4, 2024

გიორგი ვაშაძე – “მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას?! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?! გეშინიათ, სუსტები ხართ, დამთავრებულია თქვენი საქმე!”

რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე“ – ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა, “სტრატეგია-აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც 29 აპრილს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრება დააანონსა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ივანიშვილის პარტიის წევრებს იმ ადამიანების ეშინიათ, რომლებიც პარლამენტის წინ რუსულ კანონს აპროტესტებენ:

,,29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრ-აქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ ხალხს, იძულებით რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები თბილისში? პირდაპირ ვამბობ, ეს თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრ-აქციას უკეთებთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?! ან თუ გგონიათ ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ თვითდინებით ეს ადამიანები მოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი.

უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს იქნება, 29-ში – ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენი აღარავის აღარ ეშინია, დამთავრებულები ხართ. თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ მხოლოდ თქვენს თავზე.

ახლა მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო – მაგრად იყავით ჩემო კარგებო, ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. თუ ვინმე გაშინებთ, თუ ვინმე გაშანტაჟებთ დაგვიკავშირდით ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით. თუ ვინმე მოგთხოვთ განცხადების დაწერას, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ამ განცხადებას ხელი და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ და ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად იტყვით როგორ გაშანტაჟებენ – მერწმუნეთ ქვეყანა, ერი, ქართველი ხალხი, ყველა დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას.

მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მოგვდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, ეს იძულებები და უბედურებები, რაც დღეს ხდება, დასრულდეს.

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას?! საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ?! გეშინიათ, სუსტები ხართ დამთავრებულია თქვენი საქმე! საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობას არასდროს არ შეაქცევს ზურგს და რისთვის ხართ თქვენ მოწადინებული ნათელია!” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული