,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისუფალია. მედია-მენეჯერმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ ჟურნალისტებთან, საპატიმროს დატოვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა:
,,გულწრფელად, არ ველოდი. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი, პრინციპში, თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება. არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ, მაგრამ ნუ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი.
მინდა, გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს – მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს, ნამდვილად.
მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეებში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ – მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი.
თუმცა, არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შედომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს, უფრო სწორად, უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
[ჟურნალისტის შეკითხვა]: რატომ არ მიგიმართავთ არცერთხელ შეწყალების მოთხოვნით?
მე არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ მე შეწყალება უნდა მეთხოვა. იმიტომ, რომ მე უდანაშაულო მგონია ჩემი თავი. ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე ვარ დარწმუნებული, რომ მე ამას აუცილებლად დავამტკიცებ.
რაც შეეხება ტელევიზიას, “მთავარ არხს” უხელმძღვანელებს გიორგი გაბუნია, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს.
[ჟურნალისტის შეკითხვა]: გექნებათ თუ არა თქვენი თოქ-შოუ და იქნებით წამყვანი?
არ ვიცი ჯერ-ჯერობით ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან, როგორც ჟურნალისტის. უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული.
რას გავაკეთებ? გულწრფელად გეტყვით, ციხეში მე არანაირი გადაწყვეტილება ამასთან და საერთოდ არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება, რა ხდება სინამდვილეში გარეთ. ერთი წელი გავიდა და ალბათ, ბევრი რამე შეიცვალა. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ მე თვითონ რას გავაკეთებ.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო ,,მთავარი არხი“ ჩემთვის იყო, არის და დარჩება ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩემს ცხოვრებაში’’, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


