შაბათი, აპრილი 27, 2024

“უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია” – ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ კონკრეტული განცხადება და განმარტებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აწარმოონ პოლიტიკური კამპანია:

მათ განმარტება მისცეს, როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, არაერთი საუბარი შედგა მათთან, საჯაროდაც გაკეთდა რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და, სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ, – უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, მე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით ვდგავართ და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ.

ჩვენ კარგად გვესმის და მინდა ყველას შევახსენო, ალბათ, გახსოვთ, არავის არ გახსენებია, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში.

გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი, თუ გაჭირვება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც უბრალოდ რომ ვთქვათ ჩვენ ყველამ, არის ამორალური საქციელი.

ეს არის უზნეობა, ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, მაშინ, როდესაც ვუყურებთ ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანების ჩართულობით უნდათ, რომ რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებსა და მიზანს მიაღწიონ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, – არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს.

ახლა მინდა კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და, პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციურობის, მესმის მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს, წამალი რომ მივცეთ ჩვენ, მთავრობამ რომ მისცეს, ყველაფერი შეიცვლება. ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს, მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

იცით თქვენ, ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ. ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ მოწოდებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თანხაზე არ არის საუბარი, ეს თანხა არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება სახელმწიფოსი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული