ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“რა მიიღო ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში დახარჯული 4 მილიარდი ლარის სანაცვლოდ?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საქართველო  – „GEORGIA“, ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა, საუკუნეების განმავლობაში ამ სახელწოდებით ილექებოდა ქართული სახელმწიფო ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში და კულტურაშიც. მიწასთან და აგრარულ სფეროსთან ჩვენს ხალხს განსაკუთრებული გრძნობები და ემოციები აკავშირებს.

როგორც წესი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში აგრარულ სექტორს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2-3 % უკავია, მიუხედავათ ამისა უმეტესობა სოფლის მეურნეობას ვგულშემატკივრობთ და განვითარებას ვუსურვებთ. მაგრამ ერთია სურვილები და მეორე – სწორი ხედვა, რომელსაც უნდა მოჰყვეს გააზრებული სტრატეგია და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა. ამის გარეშე ნებისმიერი მცდელობა ფუჭი ოცნება იქნება და ასრულება არ უწერია. აგრარულ სექტორში რამდენად ემთხვევა ჩვენი ოცნებები რეალობას, მოდით ამ სტატიაში განვიხილოთ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებზე 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა (ცხრ. N1). აქედან 1 მილიარდი ლარი მოდის სხვადასხვა აგროპროექტების განხორციელებაზე. თუ, მაღაზიიდან სახლში დაბრუნებული დიასახლისი, რომელმაც თუნდაც 4 ლარის ივაჭრა, აანალიზებს, რამდენად ეფექტურად დახარჯა ეს თანხა და რამდენად შეესაბამება ნაყიდი ნივთი მასში გადახდილ ფასს, მისგან განსხვავებით სახელმწიფო ამას არ აკეთებს და შეცდომების გამოსწორების გარეშე განაგრძობს დარგის დაფინანსებას. ამაზე საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს.

მოდით ციფრებით გავაანალიზოთ რა მივიღეთ ამ ფულის სანაცვლოდ:

  • მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროცენტული წილი 2.2 ერთეულით შემცირდა (2012-2022წწ.);
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 1.9 მლრ. $-დან 2.318 მლრ. $-მდე, ანუ მხოლოდ 418 მლნ.$-ით გაიზარდა (2012-2022წწ.);
  • სოფლის მოსახლეობა 122 500 ადამიანით შემცირდა (2012-2022წწ.);
  • 2235 დაარსებული კოოპერატივიდან 654 ფუნქციონირებს და ნაწილი აქედან მხოლოდ ქაღალდზე. 1 200 კოოპერატივი ჩამოყალიბდა მხოლოდ იმისთვის, რომ წვრილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიეღო;
  • ერთწლიანი ნათესი ფართობები 47.4 ათასი ჰა-თი შემცირდა (2012-2021წწ.);
  • ერთწლიანი კულტურების წარმოება 97.7 ათასი ტონით შემცირდა (2012-2022წწ.);
    • ბოსტნეულის წარმოება 70.9 ათასი ტონით შემცირდა (2012-2022წწ.);
    • ბაღჩეული კულტურების წარმოება 35.9 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • ხორბლის წარმოება 55.2 ათასი ტონით გაიზარდა;
    • კარტოფილის წარმოება 70.6 ათასი ტონით შემცირდა (2012-2022წწ.);
    • ქერის წარმოება 37.4 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2021წწ.);
    • სიმინდის წარმოება 117.5 ათასი ტონით შემცირდა (2012-2022წ.);
    • ლობიოს წარმოება 6.7 ათასი ტონით შემცირდა (2012-2022წწ.);
  • მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობები 100 ათასი ჰა-თი გაიზარდა (2012-2022წწ.);
  • ხილის წარმოება 175.7 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • თესლოვანი ხილის წარმოება 25.7 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • კურკოვანი ხილის წარმოება 31.5 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • კაკლოვანი ხილის წარმოება 12.1 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • სუბტროპიკული ხილის წარმოება 8.9 ათასი ტონით შემცირდა (2012-2022წწ.);
    • კენკროვანი ხილის წარმოება 3.4 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • ყურძნის წარმოება 135.8 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
    • ციტრუსის წარმოება 23.9 ათასი ტონით შემცირდა(2012-2022წწ.);
  • ხორცის წარმოება 32.1 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2022წწ.);
  • რძის წარმოება 14.8 მლნ. ლიტრით შემცირდა (2012-2022წწ.);
  • კვერცხის წარმოება 174.9 მლნ. ცალით გაიზარდა (2021-2022წწ.);
  • მატყლის წარმოება 0.4 ათასი ტონით გაიზარდა (2012-2021წწ.);
  • თაფლის წარმოება 2.1 ათასი ტონით შემცირდა (2012-2021წწ.).

საქსტატის მონაცემებით, აგრარულ სექტორში ძირითადი წარმატება გვაქვს ხილის წარმოებაში, რომელიც ყურძნის ხვედრითი წილის გაორმაგებით არის განპირობებული. ასევე ყურადსაღებია კვერცხის გაზრდილი მოცულობა. დანარჩენი მიმართულებებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში ან უმნიშვნელო ზრდა გვაქვს ან პირიქით კლება.

2012-2022 წლების პერიოდში ეკონომიკის ჯამურმა ზრდამ 49 % შეადგინა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება მხოლოდ 418 მლნ.$-ით გაიზარდა. ისმება კითხვა: რამდენად ეფექტურად დაიხარჯა 4 მლრ. ლარი და დრო არის, თუ არა სოფლის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაში რადიკალურად შევცვლოთ მიდგომები?

დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია!

ცხრილი 1.
სულ – 4 231.901 მლნ ლარი

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

საქსტატი. სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/70/soflis-meurneoba-da-sasursato-usafrtkhoeba

ფინანსთა სამინისტრო. სახელმწიფო ბიუჯეტი: https://www.mof.ge/saxelmwifo_biujeti_wlebis_mixedvit

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული