“სტრატეგია აღმაშენებელი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო გიორგი ვაშაძის მხრიდან თითქოს რუსეთის მოქალაქეებზე ბინის მიქირავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა რადგან პიროვნება, ვინც სახლში იმყოფება, არის უკრაინელი და საცხოვრებელ სახლში უსასყიდლოდ იმყოფება:
“ბოლომდე ლუსტრირებული პრორუსი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ააღელვა ბოლო დროინდელმა იმ გადაწყვეტილებებმა და სამოქმედო გეგმებმა, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელმა” პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა და რომლის განხორციელებასაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ.
პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ ბინა რუსებს მიაქირავა, რაც არის სიცრუე და ბინძური პროპაგანდა.
სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება გახლავთ უკრაინელი დევნილი, რომელიც ანაზღაურების გარეშე შეიფარა გიორგი ვაშაძის ოჯახმა, ისევე როგორც ომის დაწყების პირველ თვეებში ზრუნავდა 15 უკრაინელ დევნილ ბავშვზე და დახმარების ხელი გაუმართა უკრაინაში მცხოვრებ ქართულ და უკრაინულ ოჯახებს, რისი რეკლამირება და ამით თავმომწონეობა არასდროს გვიცდია.
ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება არ აყვება ამ პრიმიტიულ კამპანიებს და ამის გამო უარს არ იტყვის ლაჩარი და მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგობის არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობაზე.
ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს