სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“ისტორიულად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და წვლილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის იდენტობის შენარჩუნებაში განუზომლად დიდია” – ალექსი ნონიაძე

ქართლის მეფემ მირიან III-მ ჩვ.წ. აღ 337 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა. ქართული სახელმწიფოს გაქრისტიანება წმინდა ნინოს (კაბადოკიელის) შემოსვლას უკავშირდება. არსებობს თქმულება, რომ მეფე მირიანი სანადიროდ იყო თხოთის მთებთან თავის მხლებლებთან ერთად გასული, რა დროსაც მზე მოულოდნელად დაბნელდა. „მირიანმა გულ-მხურვალე ლოცვით მიმართა ჯერ თავის ღმერთებს, მაგრამ რომ ვერაფერი შებრალება მიიღო, შემდეგ ნინოს ღმერთსა. ლოცვის შემდეგ უეცრივ განათლდა, გაბრწყინდა და ეს სასწაულებრივი მოვლენა იყო მიზეზად, რომ მირიანმა უარყო თავისი სარწმუნოება და თავის ღმერთად ნინოს ღმერთი აღიარა!!!“ (გალაქტიონ ტაბიძე 1907წ.)

ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის მხატვრული ინტერპრეტირება. სინამდვილეში საქართველოში ქრისტიანობა, წმინდა ნინო კაბადოკიელის შემოსვლამდე, ორი საუკუნით ადრე მოხდა, როდესაც მცხეთაში უფლის კვართი დაასვენეს. წმინდა ნინომდე საქართველოში ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველ-წოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. მაგრამ ახალი რელიგიური სწავლება ვერ ნახულობს იმდენად ნოყიერ ნიადაგს, რომ ქართველების ოფიციალურ სახელმწიფო სარწმუნოებად იქცეს. მხოლოდ IV საუკუნეში რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ მისცა მირიანს საშუალება ორი ალტერნატივიდან (ქრისტიანულ რომსა და მაზდეანურ ირანს შორის) არჩევანი გაეკეთებინა.
კერძოდ, III საუკუნიდან რომის მეტოქე სასანიანური ირანი ხდება. სასანიანებმა, ირანის სათავეში მოსვლისთანავე, ძველი რელიგია, მაზდეანობა (ცეცხლთაყვანისმცემლობა) დააბრუნეს. რომი იძულებული იყო მაზდეანური ირანისთვის სხვა რელიგიური იდეოლოგია დაეპირისპირებინა, ამიტომ 325 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ნიკეის I საეკლესიო კრებაზე რომის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა.

ფაქტიურად მირიან მეფემ არჩევანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ პირველი დიდი ნაბიჯი დასავლურ კულტურასთან და ფასეულობებთან დასაახლოვებლად IV საუკუნეში ქრისტიანობის მიღებით გადადგა.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და მის შენარჩუნებაში. მირიანის მეფობის შემდეგ ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა ჩვენი ქვეყანის თავზე. იყო როგორც აღმასვლა და წარმატება, ასევე დაცემა და წარუმატებლობა. მაგრამ მართლმადიდებლური დედა ეკლესია ყოველთვის ჩვენის ქვეყნის სამსახურში იმყოფებოდა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიამ შემოგვინახა არამარტო ენა და სარწმუნოება, არამედ მამულიც. აღარაფერს ვამბობ ცოდნაზე. დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში ცოდნის გამავრცელებელ ცენტრებს ყოველთვის ეკლესია მონასტრები წარმოადგენდნენ. იყო პერიოდები როდესაც ქართული სახელმწიფო პატარა სამთავროებად იყო დაქუცმაცებული ან მტრის მიერ მიტაცებული, მაგრამ ქართული მართმადიდებლური ეკლესია საქართველოს ტერიტორიებს (მათ შორის დროებით დაკარგულ ქართულ მიწებსაც) თავის ფრთის ქვეშ ეპარქიებად აერთიანებდა, რაც ქვეყნის ერთიანობას უწყობდა ხელს.

მტრის შემოსევის შედეგად ქართული ეკლესია ისეთსავე თავდასხმებს განიცდიდა, როგორსაც საერო ობიექტები, მაგრამ ქართული ეკლესია მონასტრები ყოველთვის სასწაულებრივად ახერხებდნენ მტრის მზაკვარი ხელისგან არამარტო ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერი ლიტერატურის (ქართველი ერის ისტორიის) გადარჩენას და ასევე ქართულ ენაზე ატარებდნენ წირვას, არამედ მომავალ თაობებს უნახავდნენ ქართული ვაზის, ხორბლის ჯიშებსა და მათ მოვლა-პატრონობის წესს.

მემატიანემ შემოგვინახა ფაქტები, რომ მტრის შემოსევების შემდეგ ისე იყო ზოგიერთი სოფლები განადგურებული, რომ ძაღლის ყეფა და მამლის ყივილიც კი არ ისმოდა. მართლმადიდებლური ეკლესია მონასტრები ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის ერთგვარ „შემნახველ ბანკს“ წარმოადგენდნენ, საიდანაც მტრის შემოსევების შემდეგ ახლიდან ხდებოდა ქართული გენის (ენა, მამული, სარწმუნოება) ხელმეორედ აღმოცენება.

ისტორიულად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და წვლილი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის იდენტობის შენარჩუნებაში განუზომლად დიდია. ეს ძალიან კარგად იცოდა ერთმორწმუნე რუსეთმა და ამიტომ ჩვენი გარუსება სწორედ ეკლესიიდან დაიწყო. მეფის რუსეთმა 1811-1814 წწ-ში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, უნიკალური ხატწერის ფრესკები კირით შეღება, ხოლო ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურება აკრძალა. მოკლედ გააკეთეს ის რაც არცერთ მტერს აზრადაც არ მოსვლია. ერთმორწმუნეობის საფარქვეშ შეეცადნენ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა დაეჩლუნგებინათ. წაგვართვეს ის რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი იყო და დღემდე ჩვენ დასამორჩილებლად ეფექტურად იყენებენ.

1917 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ, საგანგებო საეკლესიო კრებაზე, აღადგინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. მას შემდეგ იყო კომუნისტების მმართველობის 70 წლიანი პერიოდი, რომელმაც ასევე მძიმე კვალი დაამჩნია ქართულ ეკლესიას.

დღეს ქართული ეკლესია და საპატრიარქო, ისევე როგორც ქართული სახელმწიფო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთის სპეცსამსახურების გავლენები ქვეყანაშიც და ეკლესიაშიც ძალიან დიდია. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ერიც და ბერიც ამ გამოცდას წარმატებით გაუძლებს და როგორც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ორივე ერთად გამარჯვებული გამოვა, ხოლო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მუდამ საქართველოს სამსახურში დარჩება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული