სააპელაცია სასამართლო კოლეგიის მიერ ნიკა გვარამიასტან მიმართებასი გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და კონკრეტულ მიმართვას ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი:
“დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტერგაციის პროცესის გამიზნული შეფერხება.
საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას – იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ ოლიგარქიულ რეჟიმს.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებაც – გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.
მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს ნიკა გვარამიას თავისუფლება,” – აცხადებს ნიკა მელია.

