შაბათი, აპრილი 27, 2024

“მხოლოდ საზოგადოებას აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ძალა” – ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა განცხადება გააკეთა საზოგადოებისა და განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ, შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები:

მოკლედ შევაფასებ პროცესებს, მათ შორის, NDI-ს კვლევებს.

მე ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება, ასე ვთქვათ, კეთილი განზრახვებით, მაგრამ მე არ მესმის ამგვარი კეთილი განზრახვების, რომ არ დაგიმალოთ, ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა, – არანაირი!

თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, უკეთესად დაიწყებს მუშობას, – ასეთი ტიპის შეძახილებს, შედეგი არ მოაქვს. მე ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ და მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ ოპოზიცია “განტევების ვაცად” “დანიშნა”. თუ ვინმე სუსტია, მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც და ყველაფერი დანარჩენიც, მაგრამ საზოგადოება დღეს, სამწუხაროდ, ასხივებს უღონობას, ფლუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია!

ოპოზიციას თუ პრობლემები აქვს, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ, მე მგონია, რომ უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა.

თუ რამე იყო საგანგაშო ამ კვლევაში, ეს იყო ევროკავშირის მხარდაჭერის ინდექსი – ვარდნა 82%-დან 75%-მდე, არის ძალიან მნიშვნელოვანი ვარდნა.

რაც შეეხება მედიას – არც საზოგადოებაა ყოველთვის მართალი და არც – მედია, მათ შორის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემი ცხოვრების ნაწილი.

მედია ყოველთვის მიჰყვება ხალხის ინტერესებს. ხალხის ინტერესი კი არის მთავარი პოლიტიკური საკითხები და 2 მთავარი მაგიური სიტყვა, ეს არის “სამშობლო” (მასში იგულისხმება ევროინტეგრაცია და ყველაფერი დანარჩენი) და “დემოკრატია”. არასდროს საქართველოში სოციალური საკითხების გამო ხელისუფლება არ შეცვლილა. მეტიც, ჩვენ ვერ გავიხსენებთ სოციალურ საკითხებზე ქართველების მასობრივ გამოსვლებს, მაგრამ გავიხსენებთ ყველასთვის მოულოდნელ გამოსვლას “გავრილოვის ღამეს”, გავიხსენებთ 150 ათას ადამიანს 20 ივნისს. ეს არის ქართველების ინტერესი, უფრო აღმატებული, ვიდრე მათი პირადი პრობლემები.

და ბოლოს, რასაც ვიტყვი, ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა შევიდნენ ხელისუფლების სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. ისინი ხელისუფლებას ამ ველში ვერ გადმოითრევენ, პირიქით, თვითონ უნდა შევიდნენ იმ სამოქმედო ველში და იქ დაამარცხონ ხელისუფლება. მოაგვარონ ადამიანების პრობლემები ნებისმიერი გზით, მით უმეტეს, როცა ასეთი ფართო წარმომადგენლობა ჰყავთ თვითმმართველობის ორგანოებში. აიძულონ, როგორც თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა აიძულა თბილისის საკრებულოს მეშვეობით, როგორც შალვა ნათელაშვილმა მოიგო საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები დენის ფასთან და თუ არ ვცდები, საყოველთაო განათლებასთან დაკავშირებით. ეს იყო რეალური შედეგები სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით არა მათი მოგვარების გზების შეთავაზება, არამედ მათი რეალური მოგვარება.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გონიერება. საზოგადოება არის გადაწყვეტილების მიმღები, მხოლოდ საზოგადოებას აქვს დღეს ბიძინა ივანიშვილზე მეტი ძალა. მხოლოდ და მხოლოდ მას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული