ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

რა უნდა გავაკეთოთ, რომ სპეცსამსახურები გახდნენ სიტყვის თავისუფლების გარანტი – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული სპეცსამსახურების კარგად აპრობირებული პრაქტიკაა საზოგადოებაში მეხუთე კოლონის შექმნა. ასევე აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებაში, ბიზნესში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაში გავლენის აგენტების გამოყენება. პირველისგან განსხვავებით მეორე ჯგუფში გაერთიანებულები მართალია ღიად მხარს არ უჭერენ ოფიციალური კრემლის პოლიტიკას, მაგრამ მათი ქმედებები, რომელიც ფარულად საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, რუსულ საქმეს აკეთებს.

გავლენის აგენტების მეშვეობით კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ნაცვლად „ფსბ“-ს მოდელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი ამორფული მასის მიღებას ითვალისწინებს, რომელსაც მხოლოდ ფსევდოპატრიოტულ თემებზე ესინჯება პულსი.

მოქალაქეებში ნიჰილიზმის დათესვა, საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვა, საჯარო და კერძო სექტორის დაშინება, თავისუფალი მედიისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის ხელის შეშლა, ეს რუსული სპეცსამსახურების “ნოუ ჰაუა” და მიმართულია ჯერ რუსეთის ფედერაციაში და მერე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ტოტალიტარული რეჟიმების შესანარჩუნებლად. ამ საქმეში გავლენის აგენტებს არიერგარდის ფუნქცია აკისრიათ. ისინი საკუთარ ავტორიტეტს და რესურსებს (ადმინისტრაციული, ფინანსური, სამართლებრივი) იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესში არეულობა შემოიტანონ, საკუთარ მოქალაქეებს შეუზღუდონ საზოგადოებრივი აქტიურობისა და ეროვნული დაუმორჩილებლობის სურვილი. ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოკიდებული გახადონ რუსეთზე, დაასუსტონ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და სხვა.

ფსბ-ს გავლენის აგენტების მუშაობის შედეგად საზოგადოებაში იზრდება ფლუსტრაცია, საჯარო სექტორში ვლინდება კლანური მმართველობის ნიშნები. ნეპოტიზმი, კორუფცია, პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა, ეროვნულ ეკონომიკაში რუსული კაპიტალისა და ენერგოდამოკიდებულების ზრდა.

საქართველო, რუსეთის სპეცსამსახურებისათვის, ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. მეტიც განსაკუთრებული „სენტიმენტები“ გააჩნია რუსეთს ჩვენს მიმართ და ამას თავისი ახსნა აქვს. ეკონომიკურად განვითარებული საქართველო პუტინის რეჟიმისთვის საფრთხის შემცველია. ჯერ ერთი, რომ წარმატებული რეფორმების ტალღის, რომელიც 2003 წლიდან აქტიურად დაიწყო საქართველოში, ექსპორტირება რუსეთში იმ სისტემის განადგურებას გულისხმობს, რასაც რუსული სპეცსამსახურები ასე რუდუნებით ბოლო 20 წლის განმავლობაში „აშენებდნენ“. ანუ პრეცენდენტის დაშვება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა დასავლური განვითარების გზას დაადგა და საკუთარ მოქალაქეებს დემოკრატიული სახელმწიფოს ყველა სიკეთეებს სთავაზობს, ეს „ცუდი მაგალითი“ იქნებოდა თავად რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამიტომ რუსეთმა თავისი გავლენის აგენტების მეშვეობით გარკვეული პერიოდით მოახერხა ჩვენთან რეფორმების მომდევნო ეტაპების შეფერხება.

მეორე, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ჩინური პროდუქციისა და ცენტრალური აზიის ნავთობპროდუქტების იმპორტისათვის ევროპაში რუსეთის ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში არეულობა, დაკონსერვებული ეთნოკონფლიქტები, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოტენციალის გამოყენებისთვის ხელის შეშლა რუსეთს საშუალებას აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ტვირთების გატარებაზე და ევროპის სახელმწიფოებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მონოპოლია შეინარჩუნოს, ხოლო არსებული “სტატუს-კვო”-თი პოლიტიკურად დააშანტაჟოს კოლექტიური დასავლეთი.

დღეს უფრო და უფრო აქტიურად ვსაუბრობთ, რომ ისეთი ნაბიჯები როგორიც არის: სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, ხელს შეუწყობს ძლიერი ქართული სახელმწიფოს ფორმირებას. მაგრამ მსჯელობის ამ ჯაჭვში გვავიწყდება, თუ გარკვეული ფობიების გამო უყურადღებოდ ვტოვებთ სახელმწიფოს მშენებლობის ყველა მთავარ კომპონენტს – „სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას“.

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებზე მორგებული დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების ჩამოყალიბებით იწყება. ის გამოწვევები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ქვეყანაში ჩატარებული ნებისმიერი რეფორმის წარმატებას ეჭვქვეშ აყენებს და სათუოს ხდის. ამიტომ პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სპეცსამსახურების რეფორმირებაა, რაც თავის მხრივ მოიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობასაც, ეკონომიკურ განვითარებასაც და სიტყვის თავისუფლებასაც.

მავანი შემომედავება დემოკრატიული პროცესების პროდუქტია ძალოვანი სისტემის რეფორმირება და არა პირიქით. ჩვენ თავისუფლებას ვერ ვანდობთ სახელმწიფო სტრუქტურას, რომლის მთავარი ფუნქცია კონტროლია. ამ სტრატეგიით ვცდილობთ ბოლო 30 წელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას და შედეგების შეფასება თქვენთვის მომინდვია. საწინააღმდეგოს მეტყველებს ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება. ძლიერი სპეცსამსახურების შექმნა გახდა ახალი სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედი.

ჩვენც უნდა დავამარცხოთ უსაფრთხოების სამსახურისადმი ჩვენი სტრეოტიპები და ფობიები. მთავარია პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ამ სამსახურის მთელი რესურსი რიგითი მოქალაქეების ტოტალური კონტროლისთვის კი არა უცხო სახელმწიფოს გავლენის აგენტების გამოვლენისკენ იყოს მიმართული და მერწმუნეთ ჩვენს ქვეყანაში სწორედ სპეცსამსახურები გახდებიან სიტყვის თავისუფლების გარანტი.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული