ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!” – შარლ მიშელი

ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოსთან მიმართებაში განისაზღვრა კანდიდატი ქვეყნის პერსპექტივა და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 6-თვიანი ვადისა და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შემდეგ განხილული იქნება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა:

,,ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ვულოცავ ქართველ ხალხს!

ეს ისტორიული მომენტია: ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!”, – წერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

 

,,თბილ მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ასეთ რთულ დროს.

რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას.

ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველომ მიიღო პერსპექტივა – ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება, როცა მიღწეულია ეს ეტაპი.

თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაგაჩნიათ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია. ამასთან საჭიროა პოლიტიკური ერთობა და საზოგადოების ჩართულობა, მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯი უკვე მიღწევადია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

,,მე სრულიად დავუჭერ მხარს იმას, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა. ეს არის ისტორიული დღე, რადგან საქართველოს მიმართ აღიარებულ იქნა წევრობის პერსპექტივა.

ნათლად იყო გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჩვენ ვნახეთ რამდენად ნათელი იყო პრეზიდენტის გზავნილი საქართველოსადმი. საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მოწოდებები იყო უფრო მეტი ევროპისკენ. ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული