პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი, მამუკა მდინარაძესა და ბიძინა ივანიშვილზე პირდაპირი მინიშნებებით და მმართველი გუნდის მხარდაჭერების მიმართ კონკრეტული მითითებებით, ეხმაურება ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას:
“ალეკო ელისაშვილის გასამართლება ტერორიზმის მუხლით არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ტიპიური მაგალითი. არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ეს მამუკა მდინარაძის პირადი შურისძიებაცაა, ცხადია ბიძინა ივანიშვილის მიერ როგორც მინიმუმ ნებადართულ-წახალისებული.
ისე, ბიძინა, მდინარაძე და ზოგადად ხელისუფლება ერთია და ეს “ოცნების” მხარდამჭერები რომ გადმომდგარხართ და ტერორიზმი, ტერორიზმიო, გაიძახით, გასაგებია, რომ წიგნის კითხვა თქვენ არ გიყვართ (ან რაში გჭირდებათ?), ხელოვნური ინტელექტიც ეშმაკის მოგონილი გგონიათ, მაგრამ გუგლში მაინც ნახეთ ტერორიზმის განმარტება, ნახეთ, რა საჭმელია, რა სასმელი, რა მოხელე-ნაჩალნიკი და მერე ილაპარაკეთ ელისაშვილის “ტერორისტობაზე”, ხოლო თუ გუგლში ძიებაც გიჭირთ, ნათესავი, მეზობელი ან ნაცნობი მაინც გეყოლებათ ვინმე ორწიგნწანაკითხი და იმას ჰკითხეთ.
რა ტერორიზმი მართლა, ხომ კარგად ხართ?” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

