“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში “იმედის კვირის” მიერ მასთან და ლევან ბერძენიშვილთან მიმართებაში მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყურადღებას ამახვილებს ასევე კონკრეტულ საკითხებზე, რაც, ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მხრივ დიდ მცდელობაზე მიუთითებს და მეორეს მხრივ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ, მისი აზრით, რა წარმოადგენს პრობლემას ევროინტეგრაციის გზაზე:
“ტელეიმედი ძმებს არ გვეშვება.
რამდენიმე დღის წინ გაცხარებულ მაგდა ანიკაშვილთან ეთერი – შეტევა ძმებ ბერძენიშვილებზე ბ- მა კალანდიამ მისი უვიცობით სასაცილო გახადა და ჩააგდო.
დღეს “იმედის კვირა” შეეჭიდება თემას და გვამცნობს, რას გვითვლიან ძმებს რეპორტაჟისთვის შერჩეული კახელები – აბა, თელავში რამდენიმე ათეული ადამიანის გაძვალტყავებული მიტინგის ფონზე ბ-ნი გულიაშვილის მუქარა უაღრესად არადამაჯერებლად ჟღერდა. ისე, რა კახეთი შეგირჩევიათ, ჩვენს მშობლიურ ბათუმშიც კი მოგიძებნიდათ ბ-ნი რიჟვაძე სათანადო რესპოდენტებს – რუსეთი არც ახლაა მისთვის ოკუპანტი და არც ერეკლეს დროს იყო…
ეჰ, რა საცოდავები, უვიცებიც ხართ ბიძინა და მისი უთავმოყვარეო პროპაგანდისტები.
5 პატარა ქართული ოპოზიციური პარტია ევროპელი ლიბერალების რეზოლუციით დაბრუნდა დუბლინიდან – მხარს დაგიჭერთ ევროკავშირის კანდიდატობაზეო. ყელზე დაადგა ქოცობას ეს რეზოლუცია, ბრალდების ადრესატი ხელიდან გამოეცალათ.
ენმ-ს თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარე ცდილობენ, ევროპის სახალხო პარტიაში მხარდამჭერები მოიპოვონ. “ქართულ ოცნებას” მოჰკითხეთ, რატომ არ მუშაობს მის პარტნიორთან – ევროპელ სოციალისტებთან.
არ უნდათ კანდიდატობა და მტრებიც დანიშნული ჰყავთ, ვისაც უნდა გადააბრალონ, თუ კანდიდატობის მიღმა დარჩა ქვეყანა. მათ გამოა საფრთხე და ისინი იმათ გვაბრალებენ, ვინც მათი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ვცდილობთ და, იმედია, შევძლებთ. დღევანდელ “იმედის კვირაშიც” ურცხვად იტყვიან ტყუილებს. ვნახე ანონსი.
ერეკლე რუსებმა აიძულესო. არ უნდოდა ტრაქტატზე ხელმოწერაო – ამ დღეებში ესეც მოგვახსენეს “იმედზე”. ჩამოყალიბდით – ტრაქტატი ერთადერთი გამოსავალი იყო და ერეკლე ბრძნულად მოიქცა თუ მტერმა რუსეთმა დააჩოქა?
ანონსის მიხედვით “შთამბეჭდავი, შემაძრწუნებელი” სათაურის რეპორტაჟი “ერეკლე, მოღალატე თუ ბრიყვი” გველის. მანამდე კი რეპორტაჟის და გადაცემის ავტორებს შევახსენებ – რომაელები ამბობდნენ, შეცდომაში გაჯიუტება არის სიბრიყვეო.
რა დროს ერეკლეა – თქვენ და თქვენი ანტიდასავლური ხელისუფალ/კომისრები ბრძანდებით ამჟამად შეცდომაში გაჯიუტებული“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

