საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამანტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, მწვავე შეფასებები გააკეთა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართ და კონკრეტული შეკითხვები დაუსვა:
მთავრობის მეთაურის აზრით, ოპოზიციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა, რაც მათ არ გამოუვიდათ.
“მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო აქ გამოსულ სააკაშვილის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ და ამ დესტრუქციულ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.
კითხვა დაისვა ასევე აქ, რომ ბატონი ივანიშვილი არის თურმე წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მინდა, ყველას შევახსენო – ჩვენს ქვეყანას, რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა, არათუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამის თქმის უფლებას მაძლევს თქვენი გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით.
სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე არ გიფიქრიათ და გიმუშავიათ, არამედ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები. დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები.
მინდა, კითხვა დაგისვათ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, ამ სანქციების დაწესების შემთხვევაში დაუწესდება თუ არა სანქცია იმ ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და ოთხ მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობენ.
ის აღიარება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ თქვენგან და ძალიან ბევრი თქვენი თანაპარტიელებისგან, გამოჩნდა, რომ ითხოვდით იარაღის გადაცემას უკრაინისთვის, ჩარტერული რეისების გაშვებას, ითხოვდით ჩვენს მიერ ახლად რეაბილიტირებული სუ-25-ების გადაცემას, ეს ყველაფერი ჯდება იმ დიდ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქვია ქვეყნის ომში ჩართვა. თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ.
იცით რა არის უბედურება? თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი გაგაჩნიათ რეალურად. ერთადერთი ბერკეტი, რაც ამათ ჰქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს, შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდის საქონელი – სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია. არ გამოუვიდათ. არ გამოგივათ არასოდეს”, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

