პარასკევი, აპრილი 26, 2024

დავით მათიკაშვილი: ბევრი არაკეთილმოსურნე დადის ევროპული კაბინეტების დერეფნებში და ცდილობს, დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი

სახელისუფლებო გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არ ტოვებს ევროკავშირში არცერთ ფორუმს, საპარლამენტო დიპლომატია და აღმასრულებელი ხელისუფლების დიპლომატიური ფლანგი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გადაცემული 500-გვერდიანი დოკუმენტი კიდევ უფრო დაწვრილებით იყოს ახსნილი და განმარტებული ჩვენი კოლეგებისთვის ევროპაში.

ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც არაკეთილმოსურნეა ჩვენი ქვეყნისა და ევროპაში ინტეგრაციის, დადის ევროპული კაბინეტების დერეფნებში და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს ბრძოლა დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2012 წელს მოქმედი ხელისუფლება არ მოიქცა წინამორბედივით და ყველა, ვინც მის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებოდა, არ გაუშვა ციხეში. აღსრულდა მართლმსაჯულება მხოლოდ იმ პირთა მიმართ, ვინც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები. მისივე თქმით, ამის შემდეგ დაიწყო ორკესტრირებული შეტევა ნაცმოძრაობამ და მასზე დამოკიდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რამაც შესაბამისი აღქმა გააჩინა პარტნიორ ქვეყნებში და ევროკავშირის ტრიბუნიდანაც არ დაყოვნდა შესაბამისი განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყანამ გადაუხვია დემოკრატიის გზას.

მაგრამ სწორედ იმ ხელისუფლების დროს, რომლის მიმართაც პრეტენზიები გააჩნდათ მაშინ, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ანუ ყველა იმ დოკუმენტს, რომლის გამოც ჩვენ დღეს ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, უმთავრესი კი არის კონსტიტუცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიწერა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური გზა არის შეუქცევადი და სახელმწიფო ორგანოებს სწორედ ამ გზით ევალება, იაროს.

ამ კონსტიტუციას მაშინ მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც შეიცვალა კონსტიტუცია, მაგრამ არ გახსენებიათ ეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, 2015-2017 წლებში მიმდინარეობდა დავა რუსთავი-2 -თან დაკავშირებით, როცა ასევე დაიწყო ორკესტრირებული შეტევა სახელისუფლებო გუნდზე.

ესეც დასრულდა ასე: 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც განაცხადა, რომ ქართული ავტოქტონური სასამართლო და ის მოსამართლეები, რომლებიც იღებდნენ შეურაცხყოფებს, იყვნენ აბსოლუტურად მართალნი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, დღეს განსაკუთრებით იკვეთება ერთად ყოფნის საჭიროება, რადგან დგას უმნიშვნელოვანესი ეტაპი ერისთვის -ეროვნული გადაწყვეტილების მიღების საკითხი ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული