პარასკევი, აპრილი 26, 2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

კახა კუჭავას მიერ პარლლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ორგამოს სპიკერად შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა:

შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის პროცედურამდე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის შესაბამისად, კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

განცხადებები გააკეთეს ფრაქციების წარმომადგენლებმაც. სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გასული წელიც შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოება, ერთდროულად, იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე; გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა; ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით, შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი იქნება.

მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება.

ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა.

ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტსა და ეროვნულ ამოცანაზეც ისაუბრა.

ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს.

ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას.

და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული