ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

„თბილსსერვის ჯგუფის“ თანამშრომლის განთავისუფლება დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

თბილისის დასუფთავების სამსახურის, „თბილსსერვის ჯგუფის“, თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის, განთავისუფლება განსხვავებული აზრის საფუძველზე დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ირაკლი ბაღდავაძე მესამე დღეა „თბილსსერვის ჯგუფის“ შენობასთან შიმშილობს კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ ირაკლი ბაღდავაძეს სამართლიან მოთხოვნებს უპასუხოს და მისი განთავისუფლების დასაბუთება დროულად წარმოადგინოს წერილობითი ფორმით.

თავდაპირველი პროტესტის შემდეგ ბაღდავაძე განთავისუფლების რისკზე უკვე საუბრობდა და სოციალური სამართლიანობის ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით დაუკავშირდა. საბოლოოდ, 23 აგვისტოს „თბილსსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ამას წინ უძღოდა შაბათს, 21 აგვისტოს, „თბილსერვის ჯგუფის“ მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევა ირაკლი ბაღდავაძის თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და კონფლიქტური სიტუაციების შექმნის შესახებ. სხდომის მიმდინარეობისას ირაკლი ბაღდავაძე უარყოფდა კონფლიქტს სხვა დასაქმებულებთან და „თბილსერვის ჯგუფს“ ამ დაპირისპირების ინსცენირებაში ადანაშაულებდა.

სხდომის მიმდინარეობისას „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელი ირაკლი ბაღდავაძის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და ირაკლი ბაღდავაძის შეფასებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გარეშე სხდომა აუცილებლად შანტაჟის, შევიწროვებისა და მუქარის ფონზე წარიმართებოდა. საგულისხმოა, რომ როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ისე ირაკლი ბაღდავაძისათვის ამ დრომდე უცნობია მონიტორინგის სამსახურის მოკვლევის შედეგები. ასევე არ არსებობს წერილობითი დასაბუთება ირაკლი ბაღდავაძის განთავისუფლების შესახებ, რის გამოც ის ახლა პროტესტის უკიდურესი ფორმით მოითხოვს, რომ წერილობით ჩაჰბარდეს განთავისუფლების დასაბუთება.

ირაკლი ბაღდავაძის თქმით, განთავისუფლების შემდეგ მას პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებით ემუქრებიან, ხოლო მედიაში დამატებით ვრცელდება ინფორმაცია ირაკლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით განხორციელებულ შანტაჟზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დამატებითი შესწავლისა და გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. დასაქმებულების მოთხოვნას სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სახელფასო ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა წარმოადგენდა. დასაქმებულები მიუთითებდნენ, რომ მათი ადეკვატური სამუშაო ეკიპირება არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებების მიხედვით ისინი ზამთრისა და ზაფხულის სამუშაო ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ხელთათმანებით უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილები. საგულისხმოა, რომ „თბილსერვის ჯგუფი“ შრომის ინსპექციის მიერ 2020 წლის ოქტომბერში შემოწმდა და მას 14 დარღვევა დაუდგინა, რომელთა უმეტესობაც შრომის პირობებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდებოდა. თბილისის მერიის გაკეთებული განცხადებების მიხედვით სახელფასო ცვლილებები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება, სპეცტექნიკის შესყიდვა კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით უახლოეს მომავალში განხორციელდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი „თბილსერვის ჯგუფს“ მოუწოდებს დაუყოვნებლივ ჩააბაროს ირაკლი ბაღდავაძეს განთავისუფლების დასაბუთება. საქმის გარემოებების სრულად შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ირაკლი ბაღდავაძის ინტერესების დაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს, რის თაობაზეც დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

ამასთან, მოვუწოდებთ შრომის ინსპექციის სამსახურს, უზრუნველყოს პერიოდული მონიტორინგის ჩატარება, დასუფთავების სამსახურში სამუშაო ადგილების უსაფრთხოების შემოწმებისა და დასაქმებულთა ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული