“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია კიევიდან საქართველოში დაბრუნდა. კიევში ოპოზიციონერ ლიდერს შეხვედრები და მსჯელობა ჰქონდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილო სააკაშვილთან. აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა მელიამ კონკრეტული გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება რეგიონებში შეხვედრები და ამის შემდეგ გადაწყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი:
“მე ვფიქრობ, რომ მეგობრებთან ერთად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ ვიჩქარეთ. პირველ რიგში პატივისცემის ღირსია ყველა ის ჯგუფი, ვინც ჩვენს ბლოკშია გაერთიანებული, როცა 3 თვის განმავლობაში მათთან ურთიერთობის საშუალება არ მქონია. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არასწორი პოზიციაა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით.
მაქვს უკვე შეხვედრა კოლეგებთან, შემდეგ ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მისაღები,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

