სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ფშავ-ხევსურთა ქორწინება: საოჯახო წესები, ტრადიციები

ფშავ-ხევსურთა ტრადიციების შესახებ ბევრი რამ შემოგვინახეს ვაჟა-ფშაველას წერილებმა.  მწერალი ბევრს საუბრობს ამ ხალხის ყოფა-ცხოვრების, საოჯახო წესების, ქორწინების ტრადიციის უამრავ საინტერესო დეტალზე.

ქორწილი ფშავ-ხევსურეთში დიდი მოვლენა იყო, რომელშიც მთელი თემი ჩაერთვებოდა ხოლმე. ქორწინების პროცესი რამდენიმე წელიწადზე იწელებოდა.

პირველ რიგში, ცოლსა და ქმარს შვილებს მშობლები ურჩევდნენ. ამ საქმეში ჩართული იყო „წინამძღვარიც“, რომელიც მაჭანკლის ფუნქციას ასრულებდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვაჟისა და ქალის ოჯახთან. როდესაც ქალის მშობლების თანხმობას მიიღებდა, სასიძოს მხარე საპატარძლოს დანიშნავდა და ერთ აბაზს მისცემდა.

დანიშნულ ქალს ერთ წელზე ადრე ქმარი ვერ წაიყვანდა.

ამ ხნის მანძილზე, ყოველ წელიწადს სიძის მამა ან ძმა მოვალე იყო სარძლოსთვის ძღვენი – არაყი და „ბედისკვერა“ მიერთმიათ. ბედისკვერა, რომელიც საგანგებოდ პატარძლისთვის ცხვებოდა, ქალს მთლიანად მარტოს უნდა შეეჭამა, რადგან ითვლებოდა, რომ მის ბედს შეიცავდა.

ქორწილის დრო რომ მოვა, სასიძოს ორი წარმომადგენელი სამი ცხვრითა და სასმელით ქალის ოჯახში მივა. ცხვრებს ხატს შესწირავენ, რის შემდეგაც პატარძალი მაყრებთან ერთად საქმროს ოჯახისკენ გაემართება.

სასიძოს ოჯახში მისვლის შემდეგ კვლავ რიგი ცერემონია იმართება. დედამთილი აუცილებლდ მარჯვენა ხელით სამჯერ შემოატარებს კერის გარშემო რძალს, შემდეგ კი ქალებს ჩააბარებს. ამ დროს სიძე მეზობელთან იმალება. მომავალ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან შეხვედრა ჯერ არ შეუძლია.  ცოტა ხანში სიძეს სახლში მოიყვანენ და სუფრის თავში დასვამენ. თურმე ცერემონიალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გამკაცრებული და „გაბუტული“ სიძის გამოჩენაც ყოფილა:

ნეფე გაბუტულია, არავის მიესალმება.

– გამარჯობა ნეფიონო, – ეტყვის თავის სოფლის ხალხი.

– გაგიმარჯოსთავ! – იტყვის ინდაურივით გაბერილი ნეფე და დაჯდება ცალკე… ქალის მაყრები ნეფეს მტრულის თვალით უცქერიან.“

 

საქორწილო სამზადისში მთელი თემია ჩართული. აუცილებლად სამ ქვაბ ლუდს ხარშავენ, რასაც თავისი დატვირთვა აქვს: პირველ დღეს პირველ ლუდიან კოდს გახსნიან ღვთის სადიდებლად და ნეფე-დედოფლის დასალოცად, მეორე დღეს – მეორეს ადგილობრივი ხატისთვის, მესამე დღეს კი – მესმეს მიცვალებულთათვის. ამით სრულდება ქორწილის აღნიშვნა, თუმცა პროცესი არა.

„ნეფე დედოფალი ერთად ვერ დაწვებიან. ერთი თვის შემდეგ პატარძალი ქალწულად ბრუნდება დედ-მამასთან – „მამისახში“, ერთს წელს რჩება მშობლებთან, მერე ძმა მისი მოუყვანს ქმარს და ხევისბერი ჯვარს დასწერს… მხოლოდ ეხლა ეძლევათ ნება ცოლ-ქმარს ერთად დაწოლისა.“

ხევსურ მამაკაცს უფლება ჰქონია ერთი წლის მანძილზე ჰყოლოდა ცოლი, დაჰკვირვებოდა და, როგორც ვაჟა წერს, თუკი მოეწონებოდა და გამოადგებოდა, დაეტოვებინა, თუკი არა – გაშორებოდა, რის სანაცვლოდაც, „განსატევებლად“ 5 ძროხა უნდა მიეცა.

„ხევსური ერთ წლამდე შვილს არ იყოლიებდა. თვალ-ყურს ადევნებდა ცოლს, თუ მოეწონებოდა შვილსაც იყოლიებდა და თუ არა და დაითხოვდა.“

ფშაველებზე და მათ საოჯახო ტრადიციებზე ვაჟა-ფშაველა ცალკე საუბრობს.

„ფშაველი ირთავს ცოლს მოტაცებით – ეს სახელად მიაჩნია“, – აღნიშნავს ვაჟა, თუმცა იმასაც მიუთითებს, რომ მის თანამედროვე დროში, ფშაველთა შორის მოტაცება იმდენად ხშირად აღარ ხდება, რადგან ამის წინააღმდეგ კანონი მოქმედებს.

ვაჟას წერილებიდან ვიგებთ, რომ თურმე ფშაველი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სახელით არასდროს მიმართავდა.

ფშაველი ქმარი და ცოლი ისე დაჰბერდებიან, რომ ერთმანეთს სახელს არ დაუძახებენ – ეს უნამუსობად, სირცხვილად მიაჩნიათ… როდესაც „არ მაგდისა!“, იძახის ფშაველი, ეს იმის ნიშანია, რომ ცოლს ეძახის.“

ფშავში ცოლ-ქმრის გაყრა დასაშვებად ითვლებოდა, თუმცა ესეც თავისებურად ხდებოდა.

თუკი ქალს რაიმე მიზეზით ქმარი არ მოსწონდა „კვეთილში ჩასმის“ ჩვეულებით შეეძლო ესარგებლა:

„დაიწყებდა განგებ სნეულებას, ავადმყოფობას, ამბობდა ხატი „მაწმინდებსო“, ვითომც ხატი მეცხადება და მიშლის ფიზიოლოგიურს ჩხირკედელაობას, კაცთან წოლასაო“.

ქმრისგან ასეთ ცოლს ნება ჰქონდა დართული, სადაც სურდა იქ ეცხოვრა, მაგრამ სხვა ქმრის ყოლა აღარ შეეძლო.

თუკი ქალი დაწუნებულ ქმარს უღალატებდა, ის სასტიკად ისჯებოდა. მას ქმარი ცხვირს ან ხელს მოსჭრიდა, ან სხვა სახით დაასახიჩრებდა, რასაც ფშავში „გახაიბრებას“ ეძახდნენ, შემდეგ კი გაშორდებოდა.

თუ მამაკაცი მოინდომებდა ცოლთან გაშორებას, სანაცვლოდ  მას 5 ძროხას მისცემდა.

დაქვრივებული ქალი, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, 3 წელი ატარებდა ქმრის ოჯახში, შემდეგ კი ქმრის ნათესავები სხვა კაცზე გაათხოვებდნენ, მაგრამ თუკი ქვრივს შვილი ჰყავდა, მეორედ დაქორწინება ეკრძალებოდა.

უცნაური დამოკიდებულება ჰქონიათ ფშაველებს მშობიარეების მიმართ. მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა, მას ყველა ერიდებოდა.

„მშობიარეს ისე ერიდება ხალხი, როგორც უწმინდურს, თვითონ დედაკაცები საჭმელს ქოხის სარკმლიდან ჩააწოდებენ… დედაკაცი უწმინდურად ითვლება შვიდს კვირას.“

ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ ვაკე საქართველოში – ქართლსა და კახეთში, ორსულ ქალებს ძალიან უფრთხილდებიან და ზედმეტად არ ტვირთავენ, ამისგან განსხვავებით კი ფშაველი ორსული ქალებისათვის მუშაობა აუცილებელი და სავალდებულოცაა. ფშაველებს მიაჩნიათ, რომ თუკი ქალი იშრომებს, ბავშვი დიდი არ გაიზრდება და ქალს მშობიარობა არ გაუჭირდება.

ფშაველი ქალი სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობდა. ხშირად კი სრულიად მარტო იმყოფებოდა მისთვის აშენებულ ქოხში, რადგან ბავშვის შობა სახლში ან სახლთან ახლოს  უწმინდურებად მიიჩნეოდა.

„მშობიარე დედაკაცს ფშაველი გაუკეთებს ქოხს, სადგომს, სახლზე კარგა მოშორებით, და გაიყვანს დედაკაცს იქ, რადგან საჯალაფო სახლში შვილის შობა სახლის გაუწმინდურებად, „შელახვად“ მიაჩნია.“

ამ მძიმე პირობების მიუხედავად, საკვირველია, მაგრამ ფშავ-ხევსურეთში თურმე მშობიარობის დროს სიკვდილიანობა იშვიათი მოვლენა ყოფილა.

შესამჩნევია, რომ ფშაველი და ხევსურელი ქალის უფლებები ძველად ბევრად უფრო შეზღუდული ყოფილა, ვიდრე მამაკაცისა.

„დედაკაცი დაჩაგრული იყო…“

ამაზე მემკვიდრეობის გადაცემის ტრადიციაც მეტყველებს. როდესაც ოჯახში მამაკაცი მემკვიდრე ვაჟის ყოლის გარეშე კვდებოდა, ქონება ოჯახის წევრ ქალებზე არ გადადიოდა, არამედ ის შორეულ ნათესავ მამაკაცებს რჩებოდათ. ტრადიციის მიხედვით მემკივდრეობა მხოლოდ მამრობით სქესზე გადადიოდა.

თუმცა, მიუხედავად უამრავი წინაღობისა, ფშაველი და ხევსურელი ქალები ძლიერები, მშრომელები, მამაცები და დამოუკიდებელი ხასიათისანი არიან.

 

„ფშავლის დედაკაცი არის მაგარი და გაუტეხელი; კლდეებთან და ბუნებასთან ბრძოლის გამო მისი ხასიათი არის ნაწრთობი.“

ქალს თავისი „სადიაცო საქმე“ ჰქონია, რაშიც შედის: საჭმლის გაკეთება, სახლ-კარის მოვლა, ოჯახის წევრებისათვის ტანსაცმლისა და საჭირო ნივთების ქსოვა, შვილების გაზრდა და სხვა მრავალი. გარდა ამისა, ფშაველი ქალი მამაკაცის საქმიანობასაც ითავსებდა და დამოუკიდებლად ცხოვრებაც შეეძლო:

 

მამაკაცს გვერდს უდგა დედაკაცი თითქმის ყველა საქმეში და ვაჟკაცურად, კაცთან ერთად, ეწევა ცხოვრების უღელს: მკაში, ლეწვაში, ხვნაში, შეშის მოტანაში.

ამიტომ სახლში მამაკაცის უყოლობა ისე არ დააწიოკებს ოჯახს, როგორც ბარად მოხდება.

 

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული