“ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი” – მერაბ ლომინაძე

120

კომპანია „ENKA“-ს დირექტორმა ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის განცხადება გააკეთა. მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, კომპანია „ენკა“-ს საქმიანობასა და ჰესის მშენებლობაზე ღიად იწყებს საუბარს:

ეს არის ჩვენი პირველი ღია ბრიფინგი მას შემდეგ, რაც კომპანია „ენკა“-ს მენეჯმენტს შეუერთდა ჩვენი გუნდი. დღეს საერთაშორისო კომპანია „ენკა“-ს წარმოვადგენ მე, მერაბ ლომინაძე, რომელიც გახლავართ ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონო ელენე ღუბიანური, რომელიც გახლავთ ადმინისტრაციული დირექტორი, დავით ჩოჩია – სოციალური პროექტების ხელმძღავნელი და ბატონი რენესალი, რომელიც გახლავთ ჩვენი კონსულტატი, ინჟინრულ ნაწილში.

მართალი გითხრათ, ხშირ შემთხვევაში, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან კარგად მესმის საზოგადოების დიდი ნაწილის და ადამიანების აღშფოთება, როდესაც ვხედავ, რამდენად მძიმეა ბრალდებები, რომელიც ისმის ამ პროექტის შესახებ.

თითოეული მითი, რაც ვრცელდება, ამ პროექტთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში ეხება ძალიან მგრძნობიარე თემას ყოველი ჩვენგანისათვის. რომ არ დამეთმო თითოეული ამ საკითხის შესწავლისათვის ძალიან დიდი დრო, არ მენახა ყველა ის ჩატარებული კვლევა და ზუსტად არ ვიცოდე, რომ ამ მითების უკან სიმართლე არ დგას, მე დღეს თქვენ აქ არ შეგხვდებოდით“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

მისივე განცხადებით, კომპანია „ენკა“-სა და ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არსებული მითები და ბრალდებები ინფორმაციის ნაკლებობას ემყარება. ამის საპასუხოდ, კომპანია იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა მოსახლეობას ჰესის ირგვილ არსებულ ვითარებაზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს.

ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის მასალა, რაც უკავშირდებოდა კომპანიის ტენდერში გამარჯვების შემდეგ და შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებას, ჩატარებულ კვლევებს, აღებულ ნებართვებსა და პასუხისმგებლობებს. გავეცანით ყველა მითსა და ბრალდებას, რაც, სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში, ხშირად და დიდი რაოდენობით ვრცელდებოდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ.

ძალიან ხშირად, სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ამ მითების შემქმნელები ხდებოდნენ ამ მითებისვე გამავრცელებლები. ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ და მეტიც, ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით.
სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობის და კითხვებზე ნორმალურ რეჟიმში, წყნარად პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად აღარ დატოვა. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ, კომპანიას გვაქვს და ვაცნობიერებთ იმ ვალდებულებას, რომ თუნდაც დღეიდან, თუნდაც დაგვიანებით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ის რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე“, – აღნიშნა „ენკას“ დირექტორმა.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ნამაჰვანჰესის პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ენერგიის 15 % მოუტანს და სრულად ჩაანაცვლოს იმპორტი.
ასევე, კომპანია „ენკა“ მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში.

ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი. ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ენერგიის 15% უნდა მოუტანოს და სრულად ჩაანაცვლოს იმპორტი, რაც ზამთრის პერიოდში ღებულობს განსაკუთრებით მნიშვნელობას და სტრატეგიულ მნიშვნელობას. ქართული ელექტროენერგია, ალბათ, არის ის ერთადერთი პროდუქტი, რაც შეიძლება ჩვენ თავად ვაწარმოოთ და სხვაზე ნაკლებად დამოკიდებულები ვიყოთ.

ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში, სადაც დიალოგი შედგება შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. ასევე, იმედი გვაქვს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, იქნება რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული, რომელშიც ყველა მხარე მივიღებთ მონაწილეობას“, – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

„ენკას“ დირექტორმა პრეზენტაციის სახით ნამახვანჰესის პროექტი მიმოიხილა, პარალელი გაავლო ნამახვანჰესსა და ენგურჰესს შორის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ეკონომიკური თვალსაზრისით.

ახლა მე მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ ის პრეზენტაცია, რომლითაც გაგაცნობთ კომპანია „ენკა“-ს, მის ძირითად საქმიანობას და ვუპასუხებთ არსებულ მითებს და გაგაცნობთ რეალობას ამ პროექტის ირგვლივ.

ნამახვანჰესის დადგმული სიმძლავრე იქნება 433 მეგავატი და შესაძლო გამომუშავება იქნება, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარი კილოვატ/საათი ყოველწლიურად. სარკის ზედაპირი, ვგულისხმობთ, წყალსაცავის სარკის ზედაპირს, გახლავთ 5,1 კვ/კმ, დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატი, ენგურჰესის შემთხვევაში დადგმული სიმძლავე არის 1300 მეგავატი, ენგურის გამომუშავება, დაახლოებით, 4 მილიარდი კილოვატ/საათია, ხოლო სარკის ზედაპირი, უბრალოდ ვიზუალურად რომ შევადაროთ, არის – 13,1 კმ, რაც, თითქმის, ორ-ნახევარჯერ უფრო მეტია, ვიდრე ნამახვანჰესის შემთხვევაში.

რაც შეეხება ნამახვანჰესის მნიშვენლობასა და სარგებელს, ეკონომიკური ასპექტები ურიცხვია და უთვალავი და ძალიან ხშირად ვრცელდება სხვა სეგმენტებზეც და არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკით. ძალიან დიდი იქნება ამ პროეტის გავლენა გასვლით კურსზე, როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე მისი მუშაობის პერიოდში“, – აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები პუბლიკაციაზე