საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მხარდამჭერებს შემოდგომით საქართველოში ჩამოსვლის პირობას აძლევს. მიხეილ სააკაშვილი შეთანხმების დოკუმენტსაც გამოეხმაურა და მიაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, პარტიამ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს:
“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივს.
მთელი ეს თვეები ვიგრძვით იმისათვის, რომ მოპარული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები, რათა ქვეყანაში არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება, განიმუხტოს უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი.
მივესალმები მოლაპარაკებებში შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს. ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორსაა იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს, მაგრამ იქ არის 2 მთავარი რამ – ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა და უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა.
ნიკა მელიამ საპატიმრო უნდა დატოვოს ყოველგვარი გირაოს თუ დამამცირებელი პირობით. მას შემდეგ რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო “ნაციონალურ მოძრაობას” ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას დოკუმენტს, სადაც არის ის მეორე მთავარი პუნქტი – შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი “ქართული ოცნების” ანუ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე.
მე აუცილებლად, შემოდგომის რეფერენდუმის წინ ჩამოვალ საქართველოში. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც ვაძლევ ახლა ქართველ ხალხს.
მე მინდა ჩვენი მომხრეები ამისთვის მოემზადონ იმიტომ, რომ მე ჩამოვდივარ, ბოლომდე ვიღებ ჩემს თავზე ყველა რისკებს, მაგრამ ჩამოვდივარ თქვენთან ერთად გასამარჯვებლად – დავიწყოთ მზადება ამისთვის!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

