ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

მომავალ თვეებში დასავლელი პარტნიორების ტონი “ქართული ოცნების” მიმართ სულ უფრო კრიტიკული გახდება – სერგო ჩიხლაძე

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი “ქართული ოცნების” მისამართით:

კონგრესის საგარეო კომიტეტის თამჯდომარის ბატონი მიკსის განცხადება იმის თაობაზე, რომ „უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა“ არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი “ქართული ოცნებისადმი”. მანამდე ამას წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტმენტის ძალიან მკვეთრი და კრიტიკული დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, ელჩების და ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებები “ქართული ოცნების” ბოლო დროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებზე და მიმდინარე მოლაპარაკებებზე. მიკსის ეს განცხადება არის ასევე დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ორთვიანი აქტიური მუშაობის შედეგიც.

ხშირად ისმის შეკითხვა რას აპირებს ოპოზიცია ან რა არის ოპოზიციის გეგმა, როდესაც ხელისუფლება არ მოდის მოლაპარაკებებზე და კომპრომისზე?
“სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ვმუშაობთ პარალელურად რამდენიმე მიმართულებით. ერთი მიმართულება, ეს არის შიდა პარტიული სტრუქტურის გაძლიერება და ადამიანური რესურსების მოზიდვა. მეორე მიმართულება, ეს არის საერთო ოპოზიციურ ფლანგზე სხვა პარტიებთან კონსულტაცია და პოზიციების შეჯერება და მესამე, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, პირველ რიგში აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან პროაქტიული კომუნიკაცია და მათთან მოლაპარაკებები.

ახლაც, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმყოფება აშშ-ში და არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს აშშ-ის სენატის, კონგრესის და სახელმწიფო დეპარტემენტის წარმომადგენლებთან. გარდა დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა, ჩვენი საზღვარგარეთელი პარტნიორები და მეგობრები დაინტერესებულები არიან რომ საქართველოში ოპოზიციის სახით მათ ჰყავდეთ სანდო და საიმედო პარტნიორი.

“სტრატეგია აღმაშენებელი” კვლავ გააგრძელებს როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საკითხების ლობირებასა და ინტერესების დაცვას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული