ორშაბათი, მაისი 6, 2024

მსოფლიო პოლიტიკის აქცენტები კავკასიის რეგიონში

სირიის პროვინცია იდლიბში, სადაც რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის მოლაპარაკება არსებობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სიტუაცია სამხედრო თვალსაზრისით პერიოდულად იძაბება. ა/წ-ის 26 ოქტომბერს რუსულმა ავიაციამ შეტევა მიიტანა „აშ შამის“ კორპუსის სამხედრო ბაზაზე. ამ სამხედრო დაჯგუფების უკან თურქეთის სპეცსამსახურებისა და მთავრობის სტრატეგიული ინტერესები დგას. შეიარაღებული თავდასხმა შემთხვევით არ მომხდარა. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს ამ საბრძოლო ოპერაციას გამოძახილი ყარაბაის კონფლიქტიდან ჰქონდა. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული თურქული მხარე აქტიურ დახმარებას უწევს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს. მართალია თურქული სამხედრო ძალები უშუალოდ არ მონაწილეობენ კონფლიქტში, რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და პლიუს ამას ოფიციალურ ანკარას საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებაც უწევს. მაგრამ თურქეთის აქტიურობა რეგიონში აშკარაა და რუსეთის მხრიდან ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სწორედ „აშ შამის“ ბაზაზე საჰაერო თავდასხმა პუტინის გზავნილი იყო ერდოღანისთვის ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობის გამო.

თურქეთის პოლიტიკის ვექტორი მიმართულია რეგიონში ლიდერული პოზიციების გასამყარებლად არა მარტო ახლო აღმოსავლეთის არამედ კავკასიის მიმართულებითაც. ამას თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები გაჩნია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის საგარეო პოლიტიკის მიზანი ქვეყნის შიგნით საკუთარი პოზიციების განმტკიცებაა. ერდოღანის როგორც ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური წონა არ ისე მყარია, როგორც ეს ერთი შეხედვით გარედან ჩანს. რაღაცით მისი მდგომარეობა პუტინის მდგომარეობას გვაგონებს. ზოგადად დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ არსებობის ასეთი ფორმები, როდესაც ქვეყნის უცვლელ ლიდერებს უწევთ „მსუყე ლუკმის“ გადაგდება საკუთარი მოქალაქეებისათვის, საგარეო პოლიტიკაში წარმატებების სახით, რათა საკუთარი წარუმატებლობა შიდა პოლიტიკაში გადაფარონ. ოსმანური იმპერიის აღდგენის იდეა თურქეთის მოქალაქეების ყველა ფენის პატივმოყვარეობას ბალზამივით ელამუნება, ამიტომ ერდოღანიც ცდილობს შეძლებისდაგვარად ეს მოცემულობა გამოიყენოს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით.

მაგრამ სამართლიანობისათვის უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი ამ პროცესებში რეგიონში  ნელ-ნელა ყალიბდება ლიდერ სახელმწიფოდ, რომელიც კონკურენციას უწევს თავის ისტორიულ მტერს რუსეთის ფედერაციას. ეს დაპირისპირება ჩანს არა მარტო სირიის, არამედ ყარაბაღისა და ყირიმის კონფლიქტების ფონზეც. მთიან ყარაბახში აზერბაიჯანული მხარის გააქტიურება ბოლომდე თურქეთის დამსახურებაა. მართალია ეს რუსეთის ინტერესებსაც არ ეწინააღმდეგებოდა გარკვეულ წილად, რადგან უშუალოდ პუტინს ნიკოლ პაშინიანის მთავრობა თვალში არ მოსდის და ყველანაირად ეცდება ან შეზღუდოს ან ბერკეტები მონახოს მის დასაშანტაჟებლად. მაგრამ ერთი ფაქტია კონფლიქტში რუსეთის ჩართულობა რეგიონში თურქეთის აქტიურობამ გამოიწვია. რუსეთი ცდილობს ინიციატივებით ამ უკანასკნელს არ ჩამორჩეს რათა „სახე არ დაკარგოს“.

რუსეთის წარმატება მხარეებს შორის შეთანხმების დადების შესახებ მისი მონაწილეობისა და როლის შესახებ ეფემერულია. რუსეთის ინტერესებში არ შედის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება. სიტუაციის პერიოდული ესკალაცია საშუალებას აძლევს რუსებს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებზე გავლენა იქონიოს. რომელიმე მხარისთვის უპირატესობის მინიჭება, თუ ეს მის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, არ არის მისი ამოცანა. რუსეთის მიზანია შეინარჩუნოს სტატუს -კვო რეგიონში სამხედრო ბაზების სახით და ასე მოიპოვოს კონტროლი აზერბაიჯანსა და სომხეთზე (იგივე ხერხს მიმართავს საქართველოსთან ურთიერთობაშიც). ახალმა მოცემულობამ, რომელიც 40 დღიანი ომის შემდეგ მივიღეთ ყარაბახში, აზერბაიჯანის უპირატესობა გამოკვეთა. მან არამარტო დაიბრუნა 30 წლის განმავლობაში 5 რაიონზე კონტროლი, არამედ შექმნა ერთგვარი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც მას ეთნიკურად და კულტურულად მონათესავე სახელმწიფოსთან (თურქეთთან) პირდაპირ აკავშირებს. მომავალში რუსეთმა თურქეთთან ერთად უნდა გააკონტროლოს ეს დერეფანი.

რუსეთის სამხედრო მონაწილეობა ამ რეგიონში არ შეცვლილა, უფრო სწორედ თურქული მხარის ჩართულობის  გამო გაიზარდა, რაც პირველს სტრატეგიულად არაფერს არ აძლევს. პირიქით ერთი, რომ უზრდის მას ხარჯებს და მეორეც  ყველა სიკეთესთან ერთად რუსეთს მოუწევს თურქული მხარის გავლენების ატანა არამარტო სირიაში, არამედ უკვე კავკასიაშიც, რაც მის გეგმებში არ შედიოდა. რუსეთი ნამდვილად არ გამოდის ამ პროცესებში, როგორც მთავარი აქტორი. მეტიც იგი ამ ეტაპზე იძულებული გახდა მიეღო ის თამაშის წესები, რომელიც მას ოფიციალურმა ანკარამ თავს მოახვია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში რუსეთის, როგორც მთავარი მოთამაშის ბოლომდე ჩამოწერა თავის მოტყუება იქნებოდა. მას თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს ყარაბაღის შეთახმებით გამოწვეული სახალხო მღელვარება სომხეთში და პაშინიანის მთავრობას საფრთხე შეუქმნას. თუ ეს ასე მოხდება ახალი ხელისუფალი ყველა შემთხვევაში ჩაშლის უკვე მიღწეულ შეთანხმებას და საბრძოლო ოპერაციებს განაახლებს. მღვრიე წყალში კი მოგეხსენებათ ყველაზე კარგად რუსეთი გრძნობს თავს. მეორე ბერკეტი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ფლობს ეს რუსი სამშვიდობოები არიან. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა როლს თამაშობდა რუსული მხარე საქართველოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში. ანალოგიური პროცესები განვითარდება მთიან ყარაბაღშიც, რაც იმის მომასწავებელია, რომ კონფლიქტს, როცა ეს რუსეთს დასჭირდება, თავისი გაგრძელება ექნება.

ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინი ერდოღანს საკუთარ კონკურენტად აღიქვამს, თან ისე, რომ თავადაც კი ვერ შეამჩნია, თუ როგორ მოხდა მისი გლობალური პროცესებიდან რეგიონალურ თემატიკაზე „ტექნიკურად“ ჩამოშორება. წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც მას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვა ლიდერების გვერდით უწევდა უმაღლეს ლიგაში თამაში, ახლა მარტო ერდოღანთან აღმოჩნდა კონკურენციაში თავისდაუნებურად ჩათრეული. ეს პროცესი აკნინებს პუტინის, როგორც მსოფლიო ლიდერის წონას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და რუსეთის ჩართულობაც მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში ნელ-ნელა მცირდება. განა შემთხვევითი იყო დონალდ ტრამპის ნაბიჯები, როდესაც მან ერთის მხრივ რუსეთის ნაცვლად ჩინეთი გამოაცხადა მთავარ კონკურენტად, ხოლო მეორეს მხრივ სირიიდან ჯარების გაყვანით ოფიციალური მოსკოვი დატოვა ღია კონფლიქტში, სადაც ის ისევე გაიჭედება, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი გაიჭედა ავღანეთში. თუ ჩავთვლით, რომ თურქეთის ნაბიჯებიც და მისი რეგიონალური ინტერესების გამოყენებაც აშშ-ს მხრიდან ამ თამაშის ნაწილია, ბევრი რამ გასაგები ხდება.

დღეს რუსეთი გვაგონებს იმ პატარა ბავშვს, რომელსაც სატყუარად საწოვარა მისცეს იმისთვის, რომ გაერთოს, მანამ სანამ მშობლები ცალკე ოთახში განმარტოვდებიან. ასეთი „გასართობი“ მისთვის ყარაბაღი, სირია და საქართველოა. რაც შეეხება ყირიმსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს აქ „ბავშვმა“ თავად ჩაისვარა და პატრონი არ ჰყავს, რომ ვინმემ საფენები გამოუცვალოს.

P.S. საქართველო რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან საერთოდ ამოვარდნილია, ხოლო ხელისუფლების უმოქმედება ქვეყანას ისე წარმოაჩენს თითქოს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის საიმპერიო რკინიგზის ჩიხი იყოს. დეპო, რომელსაც მხოლოდ ჩამოწერილი ლოკომოტივების გასაჩერებლად იყენებენ. ბოლო გაჩერება, სადაც დრო არ მოძრაობს და სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობა. არადა საქართველო რეგიონში თავისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთ მთავარ აქტორად უნდა გვევლინებოდეს. სწორი პოლიტიკისა და კარგად გათვლილი ეკონომიკური სტრატეგიის პირობებში ჩვენი ქვეყანა რეგიონალური ხაბის ფუნქციას უნდა ასრულებდეს არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული თვალსაზრისითაც.

მართალია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარების გასაღები ჯერ-ჯერობით რუსეთის ხელშია და ხელსაყრელ დროს უნდა დაველოდოთ, რომ ჩვენთვის საჭირო პოლიტიკური მოცემულობა მივიღოთ მათ უკან დასაბრუნებლად, მაგრამ დანარჩენი 90% პრობლემების გაწყვეტის გზები ჩვენს გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული. აქ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარების რომელ ვექტორს გავყვებით, ეგრეთწოდებულ „37 მანეთიანს“, ერთპარტიული პარლამენტითა და რუსის „ნატაშაზე“ ნოსტალგიებით გაჯერებულს, თუ სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დადგომის შესაძლებლობას მისცემს, გაუმჯობესებს თვითოეული მოქალაქის სოციალური მდგომარეობას და ეკონომიკურად მომხიბვლელს გახდის ჩვენს ქვეყანას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოძმე ერებისთვის.

სანამ დიდი სახელმწიფოები მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული თამაშებით არიან  დაკავებულნი, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც არის საქართველო დღესვე სწორ დასკვნებს უნდა აკეთებდეს და სამომავლოდ სწორ ნაბიჯებს დგამდეს, რომელიც ბრძოლაზე, შრომასა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულზე გადის.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული