პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მოლოდინი არის იმის, რომ არჩევნების ფალსიფიცირება მოხდება” – ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია წარადგინა, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ექსპერტები. პარტიის ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 52 გვერდისგან შემდგარი პროგრამა, რომელიც ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა. ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მცოცავი ოკუპაცია, სასამართლო ხელისუფლება, სოციალური სამართლიანობა, პენსიები და საგარეო პოლიტიკა, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც პარტიამ შეიმუშავა. ამომრჩეველს პირდებიან, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით იმუშავებენ.

შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის საბოლოო ვარიანტისა და დამატებითი სიახლის გაცნობა ექსპერტებისთვის, შემდეგ კი მათი მოსაზრებებისა და შეფასების მოსმენა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სააგენტო „პარალელის“ ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ:

  • თქვენი აზრით, საკმარისი იქნება თუ არა მოლაპარაკებები და საერთაშორისო მექანიზმის ჩართვა ოკუპაციის შესაჩერებლად?

– მოლაპარაკებები არის ის მექანიზმი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის, მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმები, პარტნიორების ჩათვლით და პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. არსებობს პრობლემის მოგვარების მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა. ერთი, არის ომი, რომელიც გამორიცხულია და ჩვენ, საერთოდ უნდა დავივიწყოთ ამ პრობლემის საომარი მოქმედებებით მოგვარების საკითხი და მეორე, მოლაპარაკებები. ასე რომ, რაც უფრო სწრაფად დავიწყებთ ამ პროცესს, მით უკეთესი, რადგან, ისედაც უკვე დიდი დრო დავკარგეთ.

 

  • სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ მოვლენებზე რა კომენტარს გააკეთებთ და თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? 

– ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია, ვწუხვართ ორივეს მხარეს დაღუპულების გამო. გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს მშვიდობა და მხარეებმა შეძლონ მოლაპარაკების პროცესთან დაბრუნება. ჩვენთვის, ორივე მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, ამიტომ ბუნებრივია, ეს ჩვენთვის ორმაგი სანერვიულო და პრობლემაა. ამავდროულად, დასამალი არ არის, რომ ასე ახლოს ქვეყანასთან არის საომარი მოქმედებები. თავად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ნორმალური განვითარებისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა. გასათვალისწინებელია, ის რომ ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჩვენი „აზერბაიჯანელი და სომეხი“ და „სომეხი და აზერბაიჯანელი“ თანამოქალაქეები და ამ ტიპის სიფრთხილეა ახლა საჭირო, რომ რომელიმე მათგანს გული არ ვატკინოთ. მთავარი ამოცანაა, მოიძებნოს ისეთი ფორმულა, რომელიც ორივე მხარისათვის იქნება მისაღები. ეს პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ. ხელისუფლება რომ გვყავდეს, აქამდე უნდა შეხვედროდა, დალაპარაკებოდა ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების წარმომადგენლებს და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. ამავდროულად, უნდა არსებობდეს პირდაპირი კომუნიკაცია ორივე სახელმწიფოს ლიდერებთან, მაგრამ, როცა ქვეყანა ფარულად იმართება არაფორმალური ლიდერისგან, ბუნებრივია მსგავსი თემები ვერ მოგვარდება.

 

  • რას იტყვით წინასაარჩევნო პერიოდზე, რა მოლოდინები გაქვთ?

– მოლოდინია, რომ არჩევნების ფალსიფიცირება მოხდება. ინტენსიურად ხდება ადმინისტრაციული რესურსისა და უზარმაზარი შავი ფულის გამოყენება, განსაკუთრებით, ხელისუფლების მხრიდან. ცდილობენ სატელიტი პარტიებით დააბნიონ ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს და დავიცავთ მათ ხმებს!

 

სააგენტო „პარალელთან“ პარტიის პროგრამა შეაფასა პრეზენტაციაზე მყოფმა ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ:

„თავისთავად, შეხვედრა არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი და ექსპერტული საზოგადოება ერთმანეთს უახლოვდება. მათ შორის, პოზიციების შეჯერების თვალსაზრისით, ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა და მოსალოდნელიც იყო ქალბატონი ნინოსგან. თუ, ვინმეზე შეიძლება ვისაუბრო, როგორც პროფესიონალ, კვალიფიციურ პოლიტიკოსზე საქართველოში, ერთ-ერთი უპირველესი ქალბატონი ნინო ბურჯანაძეა. ეს თანამშრომლობა პროფესიონალიზმის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება ოკუპაციასთან დაკავშირებით ხედვებს, ის რაც დღეს ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს ამ შეხვედრაზეც აღინიშნა, ფაქტობრივად კაპიტულატური დამოკიდებულებაა რუსეთთან, რომლის სანაცვლოდაც ქვეყანა ვერაფერს ვერ იღებს. ამ პოზიციაზე და ქმედებაზე უკეთესი  ყველაფერია“, – აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

მან სააგენტოს ჟურნალისტთან უშუალოდ ისაუბრა შეხვედრაზე განხილულ რამდენიმე საკითხზე:

„მაგალითად, ვისაუბრეთ ტურიზმის გადარჩენის ხედვაზე, რომელიც საკმაოდ პრაგმატული და რაციონალურია. სხვათაშორის, ეს გამოარჩევს მათ ხედვას სხვა პარტიების ხედვისაგან. ბევრი პრაგმატული და რაციონალური მარცვალია და ნაკლებად არის პოპულიზმზე ორიენტირებული, რაც მისი მთავარი ღირებულება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ტურიზმის სექტორს გააცნო თავისი ხედვები უახლოეს წლებში გადარჩენის და შემდეგ, უკვე განვითარების კუთხით, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამ პარტიის ხედვები საინტერესო იქნება ბევრისთვის, განსაკუთრებით სოფლად დასაქმებული ადამიანებისთვის“, – განმარტავს ექსპერტი სააგენტო „პარალელთან“.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული