„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელობაზე და არჩევნებზე ხმების დაცვაზე. ოპოზიციონერმა ლიდერმა კომენტარი გააკეთა აგრეთვე “ნაციონალური მოძრაობის” ახალ პოლიტიკურ სახეზე, დევი ჭანკოტაძეზე:
,,ჩვენ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ცვლილებების დროა და ეს ცვლილებები გარდაუვალია. იმედი მაქვს, რომ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი გამოცხადდება საარჩევნო ურნასთან და მშვიდობიანად გაისტუმრებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ოპოზიციაში.
ვფიქრობ, რაც უფრო ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა წინასაარჩევნო პერიოდში უკეთესი იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ხმა იყოს დაცული. შეუმჩნეველი არ დარჩება არცერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ,,ქართული ოცნების’’ მიერ იქნება ჩადენილი.
რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, ის არის დამსახურებული საქართველოს მოქალაქე. გენერალი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. ბატონი დევი ჩართული იქნება მთელი საქართველოს მაშტაბით საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა დევი ჭანკოტაძე იქნება საარჩევნო სიაში’’, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი
ანა ბოგვერაძე